ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის დედა

“სიცოცხლის შანსს არ მივცემ ამ გოგოს! დედამისს ვურჩევ, მისი მკვლელი შვილი გამოკეტოს ციხეში! არ ჩავეხსნები ამ საქმეს. კი მხედავენ ძაძებით შემოსილს, ნატანჯს და ძალაგამოლეულ ადამიანს, მაგრამ ნუ მოტყუვდებიან, მე ასე იოლი შესაჩერებელი არ ვარ! დადგება დრო და ნახავენ, ჩემი რისხვა რა ძლიერია!…
41 აბიტურიენტი მე მყავდა, 56 მოსწავლე _ გიგას. დილის 10 საათზე იწყებდა მუშაობას და საღამოს 10-ზე ამთავრებდა. ამ შრომისგან გიგა გადაღლილი სულაც არ იყო. მათემატიკა ძალიან კარგად იცოდა და სიამოვნებას ანიჭებდა, რომ ბავშვებს ასწავლიდა. უზომოდ ბედნიერი ოჯახი მქონდა. მოზომილად მხიარული იყო გიგა და, იცით, როგორი? ურთიერთობებში ადვილად არ შედიოდა. ჩემს შვილს ზღვარი ჰქონდა, რომელსაც არც თვითონ გადალახავდა და ვერც ვერავინ გაუბედავდა, რომ ის წითელი ხაზი გადაეკვეთა… იცით, მე როგორი სპეტაკი შვილი მყავდა?!
26 სექტემბერს შემოიხედა გიგამ ჩემს ოთახში და მითხრა, დედა, გავუშვათ, რა, ეს გოგო, კიდევ არ მოვიდაო… ავდექი და დავურეკე დედამისს. ჩემს ტელეფონში დაფიქსირებულია დრო, თუ როდის დავურეკე მის დედას. დედამისს ბავშვი ჩვენთან ეგონა და გაუკვირდა, რომ ვუთხარით, არ მოსულაო.
ჩემი აზრით, ეს გოგო სწორედ იმ დროს შეყვარებულთან იყო. დედამისმა დაურეკა და უთხრა, რომ მე შევატყობინე, გაკვეთილს რომ აცდენდა. ეს კი იუკადრისა მისმა შეუმდგარმა შეყვარებულმა. თან ალბათ გაიგო, რომ მასწავლებელი ბიჭი იყო… ალბათ თქვა, აბა, ჩემს გოგოს ვინ აწუხებსო და 27 სექტემბრიდან დაიწყო თავის ხულიგან მეგობრებთან ერთად მკვლელობის დაგეგმვა!.. თურმე ღირსება, სხარტი აზროვნება, გონება ადამიანს არ იცავს. თუ გინდა, რომ მკვლელების სამყაროში იყო დაცული, შენც მათ უნდა ჰგავდე! საზოგადოება ვერ იტანს ორ უკიდურესობას _ ვერც ზედა და ვერც ქვედა ზღვარს. მათნაირი უნდა იყო ან შუაში გაჩხერილი, რომ აგიტანონ. გიგა კი ზედა ზღვარი იყო და ეს არ აპატიეს!
საქმე შეკერეს ეჭვიანობაზე. ეს გამოიგონა მკვლელის, ამ გოგოს შეყვარებულის ადვოკატმა, რომელსაც მერე ხორცი შეასხა პროკურატურამ…
19 ოქტომბერს, როდესაც გიგა კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში იწვა, გარდაცვალებამდე 4 დღით ადრე, ღამით მოვიდა ჩვენთან ვიღაც მამაკაცი და ორი ახალგაზრდა კაცი… მათ გვითხრეს, რომ მკვლელი დააკავეს. იმ წუთამდე მეგონა, რომ უბედური შემთხვევა იყო და სიტყვა „მკვლელი“ რომ გავიგონე, კინაღამ გავგიჟდი! აღმოჩნდა, რომ ის კაცი იყო ამ გოგოს შეყვარებულის, მამა. ფლიდი, თაღლითი! მოვიდა სხვა სახელითა და გვარით! ახლახან კი ისიც გავიგეთ, რომ კლინიკაში მიდიოდნენ ჩუმად და გიგასთან ითხოვდნენ შესვლას, როგორც მისი ახლობლები. მედპერსონალი არ უშვებდა და მათ ლანძღავდნენ, აგინებდნენ. ასეთ არსებებთან მაქვს საქმე!..
ჩემი შვილი სიკვდილს ებრძოდა, როდესაც ეს ორნი სკოლის ეზოში ერთმანეთს გაკვეთილების მიმდინარეობისას „ეზასავებოდნენ“ და თან ამის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში დებდნენ! ნახეთ, დასქრინული მაქვს, რომელ დღეს დადეს ფოტოები, რიცხვი აწერია!
არ გავჩერდები, სანამ ამ გოგოს არ დააპატიმრებენ! შევეწირები ამ ამბავს! მერხი, სკამი, მოსწავლე _ ყველაფერი შემძულდა! თავის ქებაში არ ჩამომართვათ, მაგრამ უბრალო მათემატიკოსი არ გახლდით… გამოცდების ცენტრის თანამშრომელი ვარ და ტესტებს მე ვადგენდი საგამოცდოდ. ამ ცენტრსაც ჩავეხსენი ახლა და მხოლოდ გიგა ავალიანის ღირსების დასაცავად ვიბრძვი. პირობას ვდებ, რომ მისი სიცოცხლის ხელყოფისთვის ყველა სათანადოდ დაისჯება! ჩემი შვილი ნიკაც ყველაფერს შეეშვა და ახლა ორივე ვიბრძვით გიგასთვის!
ამ გოგომ ჩემი შვილი მიწაში ჩადო, ორი ბიჭი კი ციხეში გაუშვა! კი მხედავენ ნატანჯს, მაგრამ არ გავჩერდები! სახელმწიფოსაც ვუჩივლებ სტრასბურგში!

Leave a Reply