მოსამართლემ ბრალდების მხარის შაუმდგომლობა გაითვალისწინა და ჟურნალისტზე თავდასხმისთვის დაკავებულ სამ პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთ არგუმენტად მტკიცებულებების განადგურება და განმეორებით დანაშაულის ჩადენის საფრთხე დასახელდა.
დაუსაბუთებელი გადაწყეტილება – ასე შეაფასეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა დაკავებულების დაცვის მხარემ. ადვოკატები ამბობენ, რომ არც მიმალვის და არც მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა.
ბრალდების მხარის შაუმდგომლობის დაკმაყოფილებამდე, მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტზე და მის ოჯახზე თავდასხმის საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
საგამოძიებო მოქმედებების დროს გამოკვეთილმა ამ გარემოებებმა, ბრალდებას საფუძველი მისცა, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმისთვის დაკავებულებს ბრალი დაუმძიმდეთ. დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო უწყებამ განმარტა, რომ დისკრიმინაციული ნიშნით შეუწყნარებლობა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრად დაისჯება.
დაკავებულები ბრალდებას არ ეთანხმებიან, ამბობენ რომ უდანაშაულოები არიან და ჩხუბში მხოლოდ გამშველებლები იყვნენ. ასე არ ფიქრობს დაზარალებული მხარე. ვახო სანაიას მეუღლე ამბობს, რომ ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერები საქმეში უკვე დევს.
ყველა სამართლებრივი ბერკეტს გამოიყენებს იურისტებთან ერთად დაზარალებული ვახო სანაია, რათა დანაშაულში მონაწილე პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი, თუმცა მანამდე საგამოძიებო პროცესს დააკვირდება. ჟურნალისტმა თავდასხმის შედეგად, ტვინის შერყევა მიიღო, დაზიანებები აქვს სხეულზეც.