საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს დანიშნა. მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
„ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშვნამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე – საგანგებო დავალებათა ელჩი. მას დიპლომატიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.
ილია დარჩიაშვილი არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის სკოლის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.