,,ჩვენს ეკონომიკას თავზე მარყუჟი აქვს ჩამოცმული, ხოლო ყოველი დაგვიანებული დღე ეკონომიკურ

პრობლემებთან წაგებული რაუნდია”

 

ქვეყანაში მიმდინარე რთულ ეკონომიკურ პროცესებზე, ძირითადი პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე და შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზებზე სუბრობს

გაზეთ`აჭარასთან~ ინტერვიუში ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე

ბატონო რატი, თუ შეიძლება დეტალურად დავახასიათოთ პანდემიის გამო შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარება საქართველოში.

– 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის ცუდად დაიწყო. არც 2020 წელი იყო კარგი, მაგრამ რადგან ამ ეტაპზე ოპტიმისტური განწყობა გვქონდა, მოლოდინების საწინააღმდეგოდ გვიჩვენა შემდეგი: რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლება – 11,5%, საგარეო ვაჭრობის კლება – 16,5%, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის კლება – 52,9% (ეს 2020 წლისაა, მაგრამ აქ შევაჯამოთ). მართალია, წლიური ინფლაციის დონე შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ სურსათზე, სამრეწველო თუ სამედიცინო პროდუქციაზე ფასების ზრდას მივყავართ დამანგრეველი სოციალურ-ეკონომიკური შედეგებისკენ.

რას გამოიწვევს ეს ყველაფერი?

– ყველაფერი ერთად, ჯამში, გამოიწვევს უთანასწორობის გაღრმავებას, ბიუჯეტის ხარჯების და კონფრონტაციული რისკების მატებას. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ეკონომიკური კრიზისი და აქედან თავის დაღწევის გზები, პოლიტიკურად არის ჩახერგილი. რაც შეეხება ჩვენი ეკონომიკის იმუნურ სისტემას – ძალიან დასუსტებულია, იმდენად, რომ მხოლოდ ვაქცინაციით და შეზღუდვების მოხსნით ვერ ვუშველით. სამწუხაროდ, დარტყმა მიადგა როგორც მოთხოვნას (მოსახლეობის მხრიდან), ისე მიწოდებას. ანუ მოსახლეობას არა აქვს ფული, რომ შეიძინოს, ხოლო მიმწოდებლებს – პროდუქცია, რადგან არ არსებობს გამართული ქსელი, რომელიც მსოფლიო ბაზრისგან დამოუკიდებლად შეძლებს მის მოპოვებას. მსოფლიოში ფასების მიმდინარე რყევები, რომელიც თანდათან იზრდება, ჩვენზე კატასტროფულად მოქმედებს. მართალია, სოფლის მეურნეობის კუთხით ძვრები არის, მაგრამ არსებითი სურათი არ იცვლება და ვიღებთ ფასების რყევებს, მზარდ უმუშევრობას, კლებად შემოსავლებს და ა.შ. დღეს მაკროეკონომიკური პრობლემების დაძლევას ისევ ვალების აღებით ვცდილობთ, ხოლო მოსახლეობის სოციალური პრობლემების დაძლევას – ეკონომიკური სანახაობით. ამიტომ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებული სიღრმის ზიანს სჭირდება მხოლოდ ცვლილებების ძალა და ახალი ენერგია.

პრემიერის მიერ წარმოდგენილ ახალ ეკონომიკურ პროექტზე რას გვეტყვით?

– საზოგადოების, ეკონომისტების, ექსპერტების, ბაზრის მოთხოვნით, ღარიბაშვილმა გამოაღო საკმაოდ კარგი ფანჯარა. მინდა შეგახსენოთ, რომ ივანიშვილის და ახლანდელი პრემიერის სახელს უკავშირდება თავის დროზე ეკონომიკური პროგრამის შექმნა, განვითარების სტრატეგიის დადება და ეკონომიკური ჯგუფების ფორმირება.

რამდენად გაამართლა ამ სტრატეგიამ?

– კარგი იყო თუ ცუდი – იყო, მაგრამ ვერ ჰპოვა სათანადო იმპლემენტაცია, რაც სულ სხვა გამოწვევაა. ახლა, როდესაც პრემიერი კვლავ ვიხილეთ ამ ასპარეზზე და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მე ისევ შევქმნი პროგრამას და დავაკომპლექტებ ჯგუფებსო, ეს გამოდგა ნათელი სხივი იმ ფანჯარაში, საიდანაც ხედი, დღეს ბუნდოვნად აღიქმება ჩვენს ეკონომიკურ გარემოში.

რატომ ბუნდოვნად, ნუთუ არ გვყავს სპეციალისტები, რომლებიც ფანჯრიდან ხედს გაარჩევენ?

– სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ძალიან პრობლემატური გახდა ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირება. დინება მიდის, მაგრამ ახალი არაფერი მოაქვს. სიმართლე გითხრათ, გაოცებული ვარ: ამდენი რესურსია, როგორც ადამიანური, ისე აკადემიური, ამხელა აკადემიური ენერგიაა, ასეთი ეკონომისტები გვყავს, მაგრამ არ გვაქვს სტანდარტი, არ გვაქვს კრიტერიუმი, მართვის შესაფასებელი არანაირი დოკუმენტი, ანუ რით შევაფასოთ, როგორ მიდის მოვლენები? ვიღაც გააკრიტიკებს, ვიღაც – შეაქებს, მაგრამ ამისთვის ხომ გვჭირდება კრიტერიუმები? ამ პრობლემის დაძლევა უნდა გახდეს ყველას მიზანი და არა პიროვნების ამოჩემება, რომელზეც ზოგი კარგს იტყვის, ზოგიც – ცუდს. მთავარია, ჯანსაღი გარემოს მიღება, სიტუაციის შეფასება და არა – პიროვნების. ელემენტარულად, ჩვენი საუბარიც რეკომენდაციაა, წინადადება და არა გაკიცხვა. მოცემულ შემთხვევაში, ყველაფერი პრობლემა გახდა – ფასიც, ვალუტის კურსიც, მდგომარეობაც.

ვალუტის გაუფასურებამ სულ მთლად გაართულა ისედაც მძიმე მდგომარეობა.

– ფაქტობრივად, ვალუტის კურსი ეკონომიკის რეალურ მდგომარეობას ასახავს. ეკონომიკური უფსკრული იზრდება და შესაბამისად, იზრდება პრობლემებიც. გულწრფელად გეტყვით, ბედნიერი ვიქნებოდი, ბევრი პოზიტიური კუთხე რომ ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკას და ვალუტის კურსი იყოს მხოლოდ აქილევსის ქუსლი. მაშინ ამით დავიწყებდი ინტერვიუს, მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ეკონომიკა ყველასთვის არ მუშაობს. ამ დღეებში დააანონსეს, რომ მოსახლეობის მაღალშემოსავლიანი სეგმენტი მხოლოდ 10%-ია, დაბალშემოსავლიანი – 50%. ანუ არათუ ვერაფერს ვერ ქმნის მოსახლეობის ნახევარი, პირიქით, ზრუნვას საჭიროებს. ეს არ არის ამ ადამიანების ბრალი, ეს ეკონომიკური პოლიტიკის, მოცემულობის ბრალია, რადგან მათი ეკონომიკური აქტივიზაცია ვერ მოხდა, რაც ეკონომიკური პოლიტიკის ვალდებულებაა. 10% – ძალიან ცოტაა, რატომ არ გვყავს 30-40% მდიდარი ადამიანები? შემოსავლებიც მეტი გვექნებოდა, პანდემიის პირობებში უმწეოებს მეტ დახმარებებსაც მივცემდით და გაცილებით გენერირებული ბაზარი ჩამოყალიბდებოდა.

მაინც როგორ შეაფასებდით ჩვენს ეკონომიკას ამ ეტაპზე?

– ჩვენს ეკონომიკას თავზე მარყუჟი აქვს ჩამოცმული, ხოლო ყოველი დაგვიანებული დღე ეკონომიკურ პრობლემებთან წაგებული რაუნდია, რაც ვლინდება გაუფასურებულ ვალუტაში, გაძვირებულ ფასებში, შემცირებულ პროდუქციაში, აღშფოთებულ ბიზნესში, სახელმწიფო ბიუჯეტის კლებაში და ბოლოს – გაზრდილ საგარეო ვალებში.

ბატონო რატი, ყველა მთავრობის ყველა ახალი მეთაური იწყებს ეკონომიკურ რეფორმას, რომელსაც ივიწყებენ. როგორც კი რეფორმატორი ტოვებს პოსტს ახალმოსული იწყებს უკვე თავის თამაშს.

– სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვით, აღვნიშნოთ დახმარებების პოლიტიკა. ის, რომ ვეხმარებით მოქალაქეებს არსებული ბიუჯეტის პირობებში, მისასალმებელია და მადლიერებას იმსახურებს. ეკონომიკის აღდგენაზე საუბრისას, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა თანხებით დავეხმარეთ ბიზნესს ან ადამიანებს. შედარებისთვის მოვიყვან მოწინავე ქვეყნებს, რომლებმაც ამავე მიზნით დახარჯეს მთლიანი შიდა პროდუქტის 25%. ჩვენი დონის, განვითარებადმა ქვეყნებმა საშუალოდ 7%, ზოგმა მეტი, ზოგმა – ნაკლები (ჩვენ – ნაკლები). კიდევ უფრო ნაკლებად განვითარებადმა სახელმწიფოებმა – პროცენტნახევარი. 2021 წლის ბიუჯეტში, ამ მიმართულებით გამოყოფილი გვაქვს, წლიური შიდა პროდუქტის 2%. ამით, მეტ-ნაკლებად, ეკონომიკური სიმშვიდე, მაკროეკონომიკური პარამეტრები შევინარჩუნეთ. თუმცა აქვე იმასაც აღვნიშნავ, რომ ვერ შევინარჩუნეთ სტაბილურობა სოციალური კუთხით, ბიზნესსუბიექტების თუ ბაზრის სიმშვიდე. ამიტომ, აქ გვაქვს საკმაოდ დიდი გამოწვევა.

დღეს პანდემიას ვებრძვით საზოგადოების იმუნური სისტემის ჩამოყალიბებით. თუ ვირუსს ვერ გავაკონტროლებთ, ეკონომიკის, ტურიზმის აღდგენა, ფისკალური და ფულადი პოლიტიკის ცვლილებაც კი ვერ მოხდება. პირდაპირ ვთქვათ, მოსახლეობას რომც შევპირდეთ ვითარების გაუმჯობესებას, ფაქტია, რომ ამ სტიმულირების პაკეტი მოკლევადიანია, ხოლო შემდგომი ნეგატიური პროცესები შეუქცევადია გრძელვადიან პერსპექტივაში. აქედან დასკვნა: ეკონომიკის მხარდაჭერის მოცემულობის შექმნა და ბიზნესის ამოძრავება გადის ისევ და ისევ ეკონომიკური ჯგუფების ფორმირებაზე, რომლის პოტენციალში უნდა იყოს და იქნება კომპლექსური მიდგომის რესურსი ცვლილებებით და მაღალი სტანდარტებით – მართვაშიც, პოლიტიკაშიც, ეკონომიკის სტრატეგიის შექმნაშიც და ა.შ. ანუ ყველა დარგსა და ყველა სფეროში.

ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც თან გვდევს, ჯერ კიდევ საბჭოეთის პერიოდიდან, უმუშევრობა კი არა, ვინც მუშაობს, იმისი დაბალი ხელფასებია, რაც არ აძლევს ადამიანებს მთელი ძალისხმევით და უმაღლესი სტანდარტებით მუშაობის სტიმულს. ხშირად გაიგონებთ – ვმუშაობ ისე, როგორც მიხდიან…

– ჩვენი საზოგადოება საკმაოდ მძლავრი და ორგანიზებულია, უბრალოდ, ჯერჯერობით წინა პლანზე ვერ წამოსწია ისეთი ენერგიული რესურსი, რომელიც პოზიტიურ პროცესებს დაალაგებდა. კი, ჩვენი ეკონომიკა გარდამავალ ეტაპზეა, მემკვიდრეობა გრძელდება, განსაკუთრებით, ეკონომიკური პოლიტიკის კუთხით და ვერ ვცვლით ვერაფერს, შემოსავლები ძალიან დაბალია, რასაც ყველა განვიცდით. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ხელფასი მხოლოდ თავის რჩენაზე არ უნდა აისახებოდეს, ის გავლენას უნდა ახდენდეს პროგრესზეც, დარგების თუ ქვეყნის განვითარებაზეც. საშუალო სტატისტიკურ ჟურნალისტს, მეცნიერს, ინტელექტუალს რომ არ ექნება სათანადო შემოსავალი, ის ვერც შექმნის მაღალი დონის პროდუქციას, ესეც პრობლემაა, მაგრამ მთლიანობაში, ამ ყველაფრის თავი და თავი, გარემოს ფორმირებაა. იმიტომ მივდივარ მაღალ სტანდარტთან. დღეს ვერც მეცნიერები თანამშრომლობს ბიზნესთან, ვერც სახელმწიფო თანამშრომლობს მეცნიერებთან ადეკვატურად. პროცესები დიფერენცირებულია, განცალკევდა, ვერ მოექცა ერთიან სინქრონში.

რას გულისხმობთ?

– გვაქვს რესურსი – ვერ ვიყენებთ, გვაქვს პოტენციალი – ვერ ვსარგებლობთ და ა.შ. ვიღაცის დადანაშაულება, გადაბრალ-გადმობრალება, კონფრონტაციები, პიროვნებების ლანძღვა, იოლია. თუკი თითოეული ჩვენთაგანი მონაწილეობას მიიღებს ქვეყნის პრობლემების დაძლევაში, ყველაფერი გაიფილტრება – უმოქმედობა, სუსტი მართვის რესურსიც, დაბალი დონის პოლიტიკოსებიც და სხვ. მაგრამ მთელი აქცენტი გადადის პურზე და სანახაობაზე. . .

იმ სანახაობაზე დასწრების ბილეთის ფულიც არ აქვს ხალხს.

– გეთანხმებით, როდესაც მოსახლეობის ამხელა სეგმენტი – 50%, დაბალშემოსავლიანი გყავს, რასაც, თქვენივე თქმით, ემატება უიმედოდ დასაქმებულები ანუ დაბალხელფასიანები, რთულია მაღალ სტანდარტზე საუბარი. პანდემიის პერიოდში, მოწინავე ქვეყნების მოქალაქეებს ანაბრებზე ფული დარჩათ და ბაზრის გახსნას ელოდებიან. როგორც კი მოიხსნება შეზღუდვები – ეკონომიკის აღდგენას მოკლე დროში შეძლებენ. ჩვენთან პირიქით მოხდა, მთლიანად ამოიწურა რესურსი. კითხვას ვსვამ: რის ხარჯზე ვაპირებთ კონომიკის აღდგენას? მასტიმულირებელი ღონისძიებები არასაკმარისია, ვალებს იმდენს ვეღარ ავიღებთ, რადგან რაც გვაქვს – გადასაფარია. პოლიტიკური რესურსი, ფაქტობრივად, ვერ მუშაობს ეკონომიკურ პრობლემებზე, ეკონომიკური ჯგუფები არ გვყავს, რაც გვყავს – შედეგი ვერ მოაქვს. ამიტომ, რით ხარ დაზღვეული, ვერ ხვდები? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მთავარია პრობლემის დაძლევა და არა რომელიმე პიროვნებაზე გადაბრალება.

ძალიან რთული ვითარება შეიქმნა, გამოსავალი არ გვაქვს?

– გამოსავალია საზოგადოებაში, ეკონომიკაში, აკადემიურ ჯგუფებში, ინტელექტუალებში და ცვლილებებში. ახლა მთავარია საგარეო და საშინაო ეკონომიკური პოლიტიკის შექმნა. ამის რესურსი აქვთ საკანონმდებლო და აღამსრულებელ ორგანოებს, მაგრამ მოდით ყველაფერს ადგილი მივუჩინოთ, თავისი როლი და პასუხისმგებლობა დავაკისროთ. . . სხვათა შორის, გაეროც აღნიშნავდა ბოლოს გამოქვეყებულ ანგარიშში: უთანასწორობა რომ შემცირდეს, მსოფლიო ვაჭრობა გამოცოცხლდეს, ძირითადი აქცენტი გადადის პოლიტიკური ვალდებულებების შესრულებაზე. ეს საკმაოდ რთულია, ვის აქვს პოლიტიკური ვალდებულებების აწევის უნარი? ჩვენთვის მთავარია იმის გარკვევა, ვის აქვს პრობლემების დაძლევის რესურსი, ენერგია და პოლიტიკური უნარი.

რომელი დარგის განვითარება გამოგვიყვანს ამ ჩიხიდან?

– ჩვენთვისაც და მთელი მსოფლიოსთვისაც, ძირითად ამოცანად იქცა ციფრული ტექნოლოგიების განვითარება. ამიტომ, ჩვენც ინვესტიციებში სმარტ-ინვესტიციები უნდა გავხადოთ პრიორიტეტული. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, აქ ცოტა გვყავს გააქტიურებული, დაახლოებით – 50 ათასს ასახელებენ. პროექტები – არასაკმარისია. მიმაჩნია, ამ მიმართულებით მეტად ინდივიდუალიზებული პროექტები უნდა შეიქმნას, რომელიც ბუკლეტების თუ მედიის საშუალებით კი არ უნდა შევთავაზოთ, არამედ თითოეულ გლეხთან მივიდეთ სახლში, ავტომატურად ჩავრთოთ პროექტებში. აუცილებელია, ძლიერი, ახალი ფერმერი შევქმნათ და ახალი ბიზნესკლასი დავამატოთ არსებულს. 10%-დან 60-70%-მდე გავზარდოთ ხორცის, რძის პროდუქტების, ხორბლის თუ სიმინდის წარმოება ანუ გავააქტიუროთ პოტენციალი. მე პირადად მომხრე ვარ სოფლის მეურნეობის და არა იმპორტის სუბსიდირების. სხვა ქვეყნის ბიზნესს კი არ ვუხადოთ ფული ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან, ჩვენი უნდა დავაფინანსოთ. მივიდეთ მეწარმესთან და ვუთხრათ, გადაგიხდი ფულს, ოღონდ შენ აწარმოე დაბალფასიანი, კონკურენტუნარიანი პროდუქცია. ამით ის მინდა ვთქვა, რომ ინვესტიციები უნდა მოვითხვოთ ტექნოლოგიებში, ხოლო შიდა ინვესტიციები გავზარდოთ სოფლის მეურნეობაში. ბიზნესს ვერ ვეტყვით, რომ წაგებაზე წავიდეს, მაგრამ ზრდადი ტარიფების შთანთქმა – უკვე სახელმწიფოს მოვალეობაა.

გაზეთი „აჭარა“

Leave a Reply