თაკო ჩხიკვაძე
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – თავისუფალი სტილით მოჭიდავე.
ადამიანი, რომელიც მოქმედ ქართველ სპორტსმენთა შორის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია – არის ოლიმპიური ოქრო-ვერცხლის მფლობელი, ამავდროულად, მსოფლიოს ჩემპიონი და ევროპის სამგზის ჩემპიონი.
სპორტსმენის სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, თავად ვლადიმერ ხინჩეგაშვილს დავუკავშირდით.
– პირველ რიგში მადლობა რომ დრო გამონახე და დამთანხმდი ინტერვიუზე.
როგორც ვიცი გორში დაიბადე. როგორი იყო იქ გატარებული შენი ბავშვობა და რამდენი წლის იყავი როცა გადაწყვიტე ჭიდაობის სამყაროში ფეხის შებიჯება?
-დიახ, გორში დავიბადე,სკოლაც და უნივერსიტეტიც იქ დავამთავრე. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ქალაქით. დღესაც აქ ვცხოვრობ. 8 წლის ვიყავი როცა დავიწყე ვარჯიში, დღემდე გორში ვვარჯიშობ, რადგან ყველა ის პირობა გვქონდა სავარჯიშო, რაც იყო საჭირო მწვერვალების მისაღწევად და მადლობა ამისთვის ჩვენს მწვრთნელს ნუგზარ სხირელს.
-ლადო, შენ უამრავ ტიტულს ფლობ. 2016 წელს რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანიც გახდი. როგორი გახდა შენი ცხოვრება ამ მნიშვნელოვანი ოლიმპიური თამაშის მოგების შემდეგ?
– ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა ოლიმპიადის შემდეგ, უბრალოდ იმ მიზნებს მივაღწიე რაც მქონდა დასახული სპორტულ კარიერაში . რა თქმა უნდა, იყო კმაყოფილების გრძნობა,მაგრამ მაქსიმალისტები ვართ სპორტსმენები და უფრო მეტის სურვილი მქონდა,ამიტომ გავაგრძელე ისევ სპორტული კარიერა. ნაწილობრივ იმით შეიცვალა ჩემი ცხოვრება, რომ რაღაც მიზანს მივაღწიე, რამაც ძალიან გამახარა და უფრო მეტი სტიმული მომცა.
– ცხადია, რომ ყველა საქმეში ადამიანს მოტივაცია და მხარდაჭერა სჭირდება. ვინ იყო შენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ვინ არის დღემდე ის ადამიანი?
– ჩემთვის მოტივაცია ყოველთვის იყო ჩემი ოჯახი, მეგობრები და ქვეყანა, რა თქმა უნდა. ეს მაძლევდა იმის მოტივაციას, რომ განწყობა მქონოდა და მოტივირებული ვყოფილიყავი ორთაბრძოლებში.
– ახლა, როცა სულ მალე ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ახლოვდება საინტერესოა როგორ ემზადები? ფიქრობ თუ არა, რომ მზად ხარ მაქსიმუმი გააკეთო?
ჯერ არ ვარ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრილი იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია არ მაქვს. ერთ თვეშია სალიცენზიო შეჯიბრი და იმედია მოვიპოვებ ოლიმპიადის ლიცენზიას და მოვემზადები შესაბამისად. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წარმატებით ჩაივლის.
– პანდემიის პერიოდში ვარჯიშს ჩვეულ პირობებში ვერ ახერხებდი. ფიქრობ თუ არა რომ კოვიდმა საფრთხე შეუქმნა შენს კარიერულ წინსვლას?
– ჩემთვის არანაირი ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა. მიუხედავად იმისა, რომ ინტენსიურად ვერ ვვარჯიშობდი, მაინც ვახერხებდი ვარჯიშს, ფორმიდან არ ამოვვარდნილვარ, ამიტომ უკუსვლა არ მქონია. პირიქით უფრო დიდი დრო მქონდა ტოკიოსთვის მოვმზადებულიყავი. ეს რა თქმა უნდა ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში. ისე კი ბევრ სპორტსმენს შეუქმნა პრობლება პანდემიამ და დააზარალა კიდეც.
-წონასაც რომ შევეხოთ. რამდენ კილოგრამს იკლებ შეჯიბრის წინ და ეს რამდენად პრობლემური საკითხია შენთვის?
– 2016 წლის შემდეგ წონის პრობლემა არ მქონია რადგან წონის კატეგორია შევიცვალე ახლა მაქსიმუმ 3 ან 4 სთუ ვიკლებ ეს კი ჩვენს სპორტში არითლვება პრობლემად. აქამდე ვიკლებდი ბევრს და ეს იყო სწორედ იმის მიზეზი რომ შემეცვალა წონა.
-ცოტახნისწინ თქვენი პირადი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა, რამაც უამრავი ადამიანი დაამწუხრა. ალბათ ძალიან რთული იქნება მის გარეშე…
– რა თქმა უნდა ძალიან დიდი დანაკლისია არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა მისი მოსწავლისათვის. ამ სიტუაციაში როცა ის არ არის შეგვიძლია მხოლოდ მის ხსოვნას მივუძღვნათ ჩვენი წარმატებები.საოცარი ადამიანი დაგვაკლდა და რთული იქნება მის გარეშე, თუმცა ჩვენ ყველა წარმატებას მას მივუძღვნით.
-რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომლებიც იწყებენ ჭიდაობას და უამრავი მარცხის შემდეგ ანებებენ თავს ამ საქმიანობას თავს.
– დანებება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება არც სპორტში და არც სხვა სფეროში. თუ რაღაც არ მოგწონს, ამას არ უნდა შეეგუო უბრალოდ უნდა გამონახო სწორი გზა, რომ მიზანს მიაღწიო.
-თქვენთვის რაშია წარმატების საიდუმლო?
შრომა პირველ რიგში და სწორი მიდგომები – ეს ორი ურთიერთკავშირშია. ერთი მეორეს გარეშე არაფერი არ გამოვა.
-თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
– რავიცი ხან რას ხან რას (იცინის) აქტიურ დასვენებას ვანიჭებ უპირატესობას
და ბოლოს, რომ არა ჭიდაობა რომელ სფეროში წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?
რომ არა ჭიდაობა სხვა სპორტის სახეობაში ვიქნებოდი. ფეხბურთი მომწონს ძალიან.
– წარმატებებს გისურვებთ სპორტულ კარიერაში და გისრუვებთ მწვერვალების დაპყრობას.
– დიდი მადლობა, თქვენც წარმატებები.