სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ  ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია.

სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა,  რომ სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო.

“ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია აღნიშნული ნარატივის დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით გატარებულ როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან.

გვსურს ყურადღება გავამახვილოთ სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების ვალდებულებასთან დაკავშირებით.

ვრცელდება მცდარი მოსაზრება, თითქოს სახელმწიფო მალავს უკანონო დაკავების ფაქტებს, ან პირთა ვინაობას.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ უკანონო დაკავებულ პირთა შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხდება მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. თითოეული პირის უკანონო დაკავების ფაქტი, ფასდება ინდივიდუალურად, რა დროსაც სახელმწიფო უფლებას იტოვებს განსაზღვროს ფაქტის გახმაურების შესაბამისი დრო, რადგან საკმაოდ ხშირად, გავრცელებული ინფორმაცია, შესაძლოა, დამაზიანებელი აღმოჩნდეს გათავისუფლების პროცესისთვის.

გვსურს გამოვეხმაუროთ ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებაში გავრცელებულ არაერთგვაროვან, ხშირ შემთხვევაში მცდარ ინფორმაციას საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებებისა და ზოგადად ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. ამავდროულად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცალსახად აფიქსირებს, რომ მიესალმება მედიის ინტერესს და მხარს უჭერს სამოქალაქო საზოგადოების პროტესტს, რომელიც მიმართულია უკანონო დაკავებებისა და ოკუპაციის წინააღმდეგ. ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ უკანონო დაკავებები, უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი და ოკუპაციის სხვა თანმდევი შედეგები წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის სრულ პასუხისმგებლობას.

“გახშირებული” უკანონო დაკავებები მსურს საზოგადოებას შევახსენო, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ფიქსირდება. 2008 წლის შემდეგ, ყოველწლიურად, საოკუპაციო ძალა აკავებს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს, აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული არ ყოფილა არც ერთი წელი მრავალრიცხოვანი უკანონო დაკავებების გარეშე. მაგალითად, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით 2009 წელს დააკავეს 80-მდე პირი, 2010 წელს უკანონოდ დააკავეს ასევე 80-მდე ადამიანი, 2011 წელს აღნიშნულმა მიაღწია 140-ს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკანონო დაკავებების სტატისტიკაში, 2012 წელს 110-მდე პირი იქნა უკანონოდ დაკავებული.

2019 და 2020 წლებში უკანონოდ დაკავებულთა რაოდენობამ 86-ი და 64-ი შეადგინა. ზემოაღნიშნული სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ საოკუპაციო ძალა უკანონო დაკავებებს ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმის დამყარების დღიდან და მისი გამომწვევი მიზეზი არის არა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული უცვლელი პოლიტიკა, არამედ უშუალოდ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შედეგად დამდგარი ოკუპაცია. შესაბამისად, ნარატივი გახშირებული უკანონო დაკავებების შესახებ მცდარია. თავისთავად, მცდარია ე.წ. გახშირებული უკანონო დაკავებების დაკავშირება სახელმწიფოს მიერ ოკუპაციის მიმართულებით წარმოებულ, როგორც ზოგად, ისე უსაფრთხოების პოლიტიკასთან,” – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Leave a Reply