პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და აღნიშნა, რომ რეგლამენტის მიხედვით მათ პროტესტის გამოსახატად მთელი რიგი ინსტრუმენტი აქვთ.

„მთავარ წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტში რაც ხდება, მცდელობა ჩაიშალოს პროცესი იმ მოთხოვნით, რომელზეც თანახმაა უმრავლესობაც, რაზეც ბიუროზე უკვე ვისაუბრეთ, სადაც იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც და ვთქვით, რომ იქნება საგამოძიებო კომისია და რიგგარეშე სხდომა, სადაც მინისტრს მოვიწვევთ. ამაზე არათუ თანხმობაა, თარიღზე უნდა შევთანხმებულიყავით და მიგვეღწია შედეგისთვის. ის, რომ შემოიპარნენ პარლამენტში ის ადამიანები, ვისაც ამის უფლება არ ჰქონდათ, არც საშვი იყო დაშვებული, უბრალოდ შემოიპარნენ და შემდეგ რაც სასესიო დარბაზში ხდებოდა, ეს ვინმეს მიგაჩნიათ ნორმალურად? თქვენ, ნებისმიერი თქვენგანი რომ ხელისუფლებაში იყოთ, დაუშვებდით მსგავს ფორმას? მესმის პროტესტი. ამის უფლებაც გაქვთ. არის ბიურო, არის სესია, და გაქვთ უფლება გამოიყენოთ ეს სრულად. დებატები არის ცალკე გათვლილი რეგლამენტით, რომლებიც შეიძლება დავნიშნოთ და ნებისმიერ საკითხზე ნებისმიერი მინისტრი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი მოვიწვიოთ, მოვიყვანოთ და გავაცემინოთ ყველა კითხვაზე პასუხი. მაგრამ ეს ჩხუბი, აყალ-მაყალი, ბლოკირება… თქვენ ერთი კითხვა დასვით მხოლოდ, ერთადერთი კითხვა – ვის აძლევს ეს ხელს?“ – განაცხადა კუჭავამ.

Leave a Reply