გიორგი გახარია: სახელმწიფო და ქვეყანა წინ უნდა დავაყენოთ და მერე ჩვენი თავი და ჩვენი პარტია. ეს იქნება ჩვენი მიზანი და ფასეულობა

ამის შესახებ გიორგი გახარიამ სურამში, მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ახლა ამ ქვეყანაში, სურამშიც დასაპირებელი თუ რამე იყო, ყველა დაპირება უკვე გაცემულია, ახალს ვერავინ ვერაფერს ვერ მოიფიქრებს, ფუჭი სიტყვების და ტყუილების თქმას არ ვარ მიჩვეული. ღირსეული ადამიანები, კეთილსინდისიერი პროფესიონალები სურამსაც მიხედავენ და მერე ნელ-ნელა ქვეყანასაც მიხედავენ. ეს არის ჩვენი მიზანი. აბსოლუტურად გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ხაშურში რომ აი ესეთი კარგი, პატიოსანი, კეთილსინდისიერი ხალხი შევაგროვეთ, ეგეთი ბევრგან არ გამოგვივიდა. გორშიც ძალიან კარგი ბიჭები გვყავს, ქარელშიც, ხაშურშიც, საერთოდ შიდა ქართლში და ეს დამსახურებაა ამ ხალხის. კოტე ანანიაშვილის, გიგი ხოჯევანიშვილის ყველასი, ვინც ამ კუთხეს ემსახურებოდა.

სურამს რაც შეეხება, ერთადერთი დაბა იქნება, რომელსაც ცალკე განვითარების გეგმას გავუკეთებთ, ერთი იქნება ხაშურის მუნიციპალიტეტი და მეორე იქნება სურამი. განსაკუთრებით ეს გზა რომ ამუშავდება, აქ მართლა შეიძლება სრულფასოვანი ტურისტული ზონის გაკეთება და ერთი რამ უნდა იცოდეთ ოღონდ, ეს მუნიციპალიტეტი თქვენ უნდა მართოთ. თქვენ უნდა აირჩიოთ, თქვენ უნდა აკონტროლოთ. ფული როგორ იხარჯება, სად მიდის – გზა კეთდება, განათება კეთდება, ინტერნეტი კეთდება, ეს ღარიბი ქვეყანაა, ყველაფერი ერთდროულად და ერთად არ გამოვა, ამიტომ პრიორიტეტები რა უნდა იყოს, ეს თქვენი განსახილველი და გადასაწყვეტია. მერე უნდა მოგვთხოვოთ, განსაკუთრებით ყველას ვინც მუნიციპალურ დონეზე იქნება და ბიჭები ახლა, კარგი ახალგაზრდები არიან. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, მარტო ახალგაზრდები საქმეს ვერ გააკეთებენ, მაგრამ ერთი გამოცდილი, ძლიერი, ხანდაზმული ადამიანი, 3-4 ახალგაზრდა, უნდა ვასწავლოთ, სხვანაირად არ გამოვა, მომავალი ახალგაზრდებისაა და უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსოს”.- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სურამის მოსახლეობასთან შეხვედრაზე გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ძლიერი სახელმწიფო უნდა ააშენოს ყველამ ერთად და ახალგაზრდებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა კეთილსინდისიერად ემსახურონ ქვეყანას.

„ეს ქაოსი უნდა დამთავრდეს. აი თქვენ ხომ ჩართავთ ამ ტელევიზორს და უყურებთ ერთმანეთის ლანძღვას, გინებას, ჩხუბს, სახელმწიფო თუ ძლიერი არ იქნა და კანონმა არ იკანონა, არაფერი არ გამოვა. არც ტურისტი მოვა, არც სამუშაო ადგილები იქნება, არც ეკონომიკა განვითარდება, ამიტომ პირველადი რაც არის გასაკეთებელი, ძლიერი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ ყველამ ერთად. ეს 30 წელი ერთ წრეზე რომ დავდივართ, ერთი და იგივე სახეები, ახალგაზრდებს გზა უნდა გავუხსნათ და მივცეთ შესაძლებლობა შეძლებისდაგვარად კეთილსინდისიერად ქვეყანას ემსახურონ. ჩვენი მთავარი მიზანი იქნება, ძლიერი სახელმწიფო და კანონი ყველასთვის. და არა ეს კორუფცია, ნეპოტიზმი და უბედურება.  იქ, რაც გაგვიკეთებია კარგი იმის მონაწილეც ვყოფილვარ და შეცდომებშიც წვლილი მიმიძღვის და იმაზე პასუხისმგებელიც ვარ, ეს პასუხისმგებლობაა რატომაც ვდგავარ ახლა აქ, იმიტომ, რომ უკეთესად შეგვიძლია. მე არ ვამბობ იმას, რომ იქ ყველაფერი ცუდი იყო. იქ რაც კარგი იყო ეგ უნდა წამოვიღოთ და კიდევ უკეთესი უნდა დავაშენოთ და იქ უკვე ძალაუფლებაზე ჩამოკიდება და ძალაუფლებისთვის ბრძოლა წავიდა და არა ქვეყნისთვის. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, თორე იქ ბევრი ღირსეული ადამიანი დაგვრჩა, ჩვენი მეგობარი, მაგრამ მაინც ეს პარტიული ინტერესი წინ დააყენეს, ვიდრე სახელმწიფოს და ქვეყნის ინტერესი, ეს არის სხვაობა და ამას უნდა ვებრძოლოთ. ეს არ შეიძლება. რაღაც პერიოდში სახელმწიფო და ქვეყანა წინ უნდა დავაყენოთ და მერე ჩვენი თავი და ჩვენი პარტია. ეს იქნება ჩვენი მიზანი და ფასეულობა.”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

სურამში მოსახლეობასთან შეხვედრას  გიორგი გახარიასთან ერთად  პარტიის თავმჯდომარის მოადგილე გიგი ხოჯევანიშვილი, პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კონსტანტინე ანანიაშვილი ესწრებოდნენ.

Leave a Reply