პარტიის “საქართველოსთვის” წარმომადგენლები ხელისუფლების მხრიდან მათ კანდიდატებზე ზეწოლის შესახებ საუბრობენ.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, ძალოვანი უწყებების მხრიდან მუქარის გამო, მათმა ათეულობით ​წარმომადგენელმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

მისივე თქმით, კანდიდატებს სამსახურიდან გათავისუფლებით და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებით დაემუქრნენ.

“უკვე რამდენიმე დღეა, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო გაამრავალფეროვნა პარტია “საქართველოსთვის” წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები და მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე რეგისტრირებულ კანდიდატებზე ძალოვანი უწყებების გამოყენებით ახორციელებს სისტემურ ზეწოლას. ათეულობით კანდიდატმა ამ ზეწოლის შედეგად უკვე მოხსნეს კანდიდატურები სამსახურებიდან გათავისუფლების შიშით, ბიზნესზე ზეწოლის შიშით და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გახმაურების შიშით.

სამწუხაროდ, ნაცვლად უკვე გაჟღერებულ ფაქტებზე გამოძიების დაწყებისა, “ოცნება” დაკავებულია იმით, რომ იმ ადამიანებს, რომელბმაც კანდიდატურა ზეწოლის ქვეშ მოხსნეს, ასევე ზეწოლის ქვეშ, სამწუხაროდ, სამთავრობო მედიასაშუალებების გამოყენებით, ტყუილებს ავრცელებენ.

ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაათავისუფლონ პოლიტიკური გავლენისგან პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო. სწორედ ეს 2 უწყებაა ვალდებული, რომ კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინონ. მისცენ რიგით პროკურორებს, რიგით გამომძიებლებს, რიგით მოხელეებს კანონით მათზე დაკისრებული  ფუნქციების შესრულების შესაძლებლობა. ამავდროულად მოვუწოდებთ პროკურატურას და შსს-ს, დაიწყოს გამოძიება ჩვენს მიერ გაჟღერებულ ყველა ფაქტზე” -ამბობს მეზვრიშვილი.

 

Leave a Reply