საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით, ბაქოში, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართა.

კომისიის რიგით მე-8 სხდომაზე მხარეებმა ორმხრივი ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გააქტიურებაზე, სავაჭრო ბრუნვის ზრდის ხელშეწყობასა და ენერგეტიკის სფეროში ურთიერთობების მეტად გაფართოებაზე იმსჯელეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მისასალმებელია, რომ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა, რომლის გამართვაზე მხარეები ბაქოში მისი ოფიციალური ვიზიტისას შეთანხმდნენ, ათწლიანი პაუზის შემდეგ, ტარდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, ვიმყოფებოდე ბაქოში, ჩვენს მეგობარ და მეზობელ სახელმწიფოში – აზერბაიჯანში, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ჩემი ვიზიტი წელს უკვე რიგით მეორეა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. მინდა, გავიხსენო ჩვენი ნაყოფიერი შეხვედრა ჩემი პირველი ვიზიტის დროს და როგორც მაშინ მოვილაპარაკეთ, ახლა ვატარებთ მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის რიგით მერვე სხდომას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნებისთვის. რიგი ფაქტორებისა და გარემოებების გამო, ეს კომისია, 10 წელია, არ გამართულა, მაგრამ მიხარია, რომ ჩვენ მოვილაპარაკეთ, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს უკვე შევიკრიბეთ ამ კომისიის ფარგლებში. აზერბაიჯანი საქართველოს არა მხოლოდ მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა, არამედ ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი ქვეყნის მთავარი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორი. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობებს. თანამშრომლობა ვითარდება ვაჭრობის, ეკონომიკის, მიმართულებით. ინვესტიციების კუთხით, აზერბაიჯანი, რამდენიმე წელია, გამოკვეთილი ლიდერია, ჩვენს ქვეყანაში. დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რომელთანაც ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა. ჩვენ ვისაუბრეთ მათ შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. ვთქვით, რომ აუცილებელია ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და განმტკიცება და ჩვენი სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება, კიდევ მეტი ინვესტიციები.

Leave a Reply