ირაკლი რუხაძე მიიჩნევს, რომ კოალიციური მთავრობის ის ვარიაცია, რომელსაც ე.წ. ოპოზიცია, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“ გვთავაზობს, ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის დამღუპველი იქნება.

ტელეკომპანია „იმედის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ჩვენ ქვეყანას კოალიციური მთავრობა არ  სჭირდება.

„არ მაქვს არცერთი მაგალითი იმის, რომ ღარიბი ქვეყანა კოალიციურ მთავრობას უნდა გამოეყვანა სიღარიბიდან. ღარიბი ქვეყნის სიღარიბიდან გამოყვანა რთული თემაა და ამას სჭირდება ძლიერი ჯგუფი, რომელიც თავის თავზე აიღებს ბევრ რისკს და ეგებ თავისი გეგმით გამოიყვანოს ქვეყანა სიღარიბიდან. ჩვენთან ხდება სულ სხვა რაღაც. ამბობენ, რომ გვეყოლება კოალიცია, სადაც ოპოზიციური პარტიები ერთ ჭკუაზე დადგებიან, იმის მაგივრად, რომ თქვან – ჩვენ ერთ ჭკუაზე დავდგებით და ერთ პრემიერ-მინისტრს დავნიშნავთ და მერე იმას მივცემთ საშუალებას, რომ თავისი გუნდი შექმნას, მაგრამ სულ სხვა რაღაცას გვთავაზობენ, ამბობენ, რომ მმართველობის სტრუქტურა, რომელიც უნდა იყოს განუყოფელი, იქ ჩავერევი და სხვადასხვა პარტიიდან შევიყვან სხვადასხვა ადამიანს – ეს არის კატასტროფა. პრემიერ-მინისტრი ან მერი ვეღარ აგებს პასუხს თავის მოადგილეზე, ადამიანი და ჯგუფი არ გეყოლება, ვისთანაც მიხვალ და პასუხს მოსთხოვ, რატომ არის პრობლემა. ამას გვთავაზობენ ღიად. ეს იქნება ნეპოტიზმის, კორუფციისა და უამრავი ნეგატიური მოვლენის თავი და თავი. ჩვენ დღეს კოალიციური მთავრობა არ გვჭირდება“, – განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

Leave a Reply