საქართველოს თავდაცვის უწყებაში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მონაწილეობით საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) დასრულების შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) J-5 დირექტორის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ედვარდ ვაუჰანი დაესწრო. ამერიკელ გენერალს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. შეხვედრას აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და დისტანციურად, აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ნათანიელ ადლერი დაესწრნენ.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელიც საქართველომ GDRP-ის განხორციელების შედეგად საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების, ნატოსთან ურთიერთთავსებადობისა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით მიაღწია. პროგრესი წარმოადგენს საქართველოში აშშ-ის თავდაცვის მდივნის ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის შეთანხმების საფუძველს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას და მხარს უჭერს ტოტალური თავდაცვის ფარგლებში ქვეყნის მედეგობისა და წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობების განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა, ასევე განიხილეს ახალი მრავალწლიანი ინიციატივის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები და გრძელვადიანი გეგმები, რომელიც როგორც აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობასა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებს სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს.

Leave a Reply