წინადადება მაქვს, განვაგრძოთ მუშაობა და მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის 1 მლრდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვას, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტად მყოფმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

საქართველო-სომხეთის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომაზე ნიკოლ ფაშინიანმა ყურადღება სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

„კმაყოფილებით მინდა დავაფიქსირო, რომ მიუხედავად ჩვენი სიძნელეებისა დღეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ ეტაპზეა და წარმატებები სხვადასხვა სფეროში დაფიქსირდა. 2019 წელს ჩვენ საქართველოსთან ამბიციური თამასა განვსაზღვრეთ. მიზნად დავისახეთ ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ბრუნვის მოცულობის 1 მლრდ დოლარამდე გაზრდა. პანდემიამ ეს პროცესი შეანელა, მაგრამ ახლა, როდესაც კოვიდის პარალელურად ცხოვრებას ვსწავლობთ, წინადადება მაქვს განვაგრძოთ მუშაობა და მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის 1 მლრდ დოლარამდე სავაჭრო ბრუნვას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს ამბიციური გეგმაა, თუმცა მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, არსებულმა მაჩვენებელმა წინა სამი წლის მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა. ამასთან, ფაშინიანმა დასძინა, რომ ჯერ-ჯერობით 1 მლრდ დოლარის სავაჭრო ბრუნვამდე შორია.

Leave a Reply