მარიამ სუყაშვილი

საზღვრები ისევ ჩაკეტილია.. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ჰერეთში, ახალ წელს, ვიღაც,მშობლის ან შვილის გარეშე შეხვდება.

ამ სევდას ყველაზე კარგად ალბათ ის გაიგებს, ვისაც მუდმივად უწევს ოჯახთან განშორება. კითხვაზე- თუ როდის შეძლებენ ჰერელები საქართველოში წამოსვლას, ან საქართველოდან ჰერეთში წასვლას, პასუხი ყოველთვის ერთია- ,,იყიდე ბილეთი და გადაფრინდი” ეს კი ჰერელი ხალხისთვის არც ისე იოლია.

დანგრეული ტაძრები, უიმედობა, მუდმივი შიში და მუდმივი წნეხის ქვეშ ყოფნა, არის ის ფქტორები რომლებთან ერთად ცხოვრებაც უწევთ ჰერელებს. ხშირად მოიხსენიებენ მათ ,,ინგილოებად” რაც ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს მათში, რადგან ინგილო არის ის, ვინც დათმო საკუთარი რწმენა და გამაჰმადიანდა, ხოლო რაც შეეხებათ ჰერელებს, ისინი მყარად დგანან თავის პოზიციაზე, იცავენ საკუთარ რწმენას, ენას და ყველა იმ ტრადიციას რაც საქართველოსთან აკავშირებთ. ჰერეთზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავურიოთ გიორგობის დღესასწაულს კახში, რომელიც მეტნაკლებად ყველასთვის ცნობილია.კახში არის ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელშიც სამწუხაროდ არ ტარდება წირვა-ლოცვა და ის წელიწადში მხოლოდ ორჯერ(გიორგობას) იხსნება. გიორგობის დილა ყველა ოჯახში ფუსფუსით იწყება, მასპინძლობენ ახლობლებს, ნათესავებს და მათთან ერთად ხდიან ქვევრს,იღებენ ღვინოს და აგემოვნებენ. ეს ყველაფერი ისეთი ჟრიამულით ხდება, რომ უბრალოდ მაყურებელი რომ იყო და არ მიიღო მონაწილეობა, მაშინაც კი უდიდესი სიამოვნებით ივსები.ღვინის დაგემოვნებისას ჩნდება კითხვა ,, წინა წელს უფრო კარგი ღვინო იყო თუ ახლა?!” მასპინძელი კიდევ უფრო მეტად ბედნიერდება, როცა ხვდება, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო კარგი ღვინო გამოსდის. ამის შემდეგ ყველა მიდის მოსალოცად, ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარში, რომელიც მდებარეობს მთის კლდოვან წვერზე, იგი ჰერელების მთავარი რელიგიური სიწმინდე და სალოცავია.

ასვლისას, გზად თვალს მოჰკრავთ, ადამიანებს, რომლებიც ფეხშიშველი უდგანან ეკლესიის გზას, ეს მადლიერების გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. მახსოვს, პატარა ვიყავი, როდესაც მამაჩემი იბრძოდა ომში, ჩემმა ოჯახის წევრებმა გადაწყვიტეს,რომ ფეხშიშველნი ასულიყვნენ ტაძარში, ამაში მეც მივიღე მონაწილეობა, დანაპირები იყო ის, რომ მამა ჯანმრთელად დაბრუნებულიყო სახლში. თითქოს ამ დროს უფრო მეტად გემატება რწმენა და ბოლომდე გჯერა, რომ ჩანაფიქრი აუცილებლად აგისრულდება და მომავალ გიორგობას მადლიერი შეხვდები.

,, დაგიმადლას, შეგეწიას” ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ხშირად მოისმენთ იქ ყოფნის დროს, ასე ულოცავენ ჰერელები ერთმანეთს ამ დიდ დღესასწაულს. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ჰერეთს ხშირად სტუმრობენ საქართველოდან, მაგრამ არაფერი იცვლება, დაპირებები დაპირებებად რჩება,ყველაფრის მიუხედავად ისინი არ კარგავენ იმედს და ამ იმედით ცხოვრობენ.ერთადერთი რაც მათ აკლიათ, ეს ისევ და ისევ ყურადღებაა, ყურადღება საქართველოსგან და ქართველებისგან…

Leave a Reply