ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი

ნატოს გაფართოების საბაბით, დაძაბულობა რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობებში და მოლოდინები ბაიდენ-პუტინის მოლაპარაკებების წინ მოგახსენებთ მოსაზრებებს ამჟამინდელ დაძაბულობასთან და ვითარების შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით რუსეთ-დასავლეთს შორის.
მოლაპარაკებებს წინ უძღვის პუტინის მოთხოვნა შესრულდეს აშშ-სსრკ-ს შეთანხმება ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.
საუბარია 1990 წელს გერმანიის გაერთიანებისას მიმდინარე მოლაპარაკებებზე, როცა თავად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გენშერი იყო ამ იდეის ავტორი, რომელიც მას არავისთან შეუთანხმებია.
სსრკ-ს მხრიდან მოლაპარაკებებში გორბაჩოვი და შევაედნაძე იყვნენ ჩართულები. თავად გორბაჩოვი, რუსული წყაროების მიხედვით, ხან ადასტურებს, ხან უარყოფს შეთანხმებას ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით.
ფაქტი ისაა, რომ წერილიბით ასეთი შეთანხმება არ გაფორმებულა. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, იყო წეეილობით თუ არა, სიტყვა სიტყვაა პოლიტიკაშიც, საქმეშიც, მეგობრობაშიც.
თუმცა, წერილობითი შეთანხმებაც რომ ყოფილიყო, არსებობს ბევრი გარემოება, რომელთა გამო ამ შეთანხმებას ან აზრი დაეკარგებოდა, ან რუსეთის მხრიდან შექმნილმა საფრთხეებმა და გამოწვეულმა კონფლიქტებმა უსაფრთხოების გარემო შეცვალეს.
რუსეთს რომ ავიწყდება ეს გარემოებები და სხვა ნიუანსები, რომლებზეც ქვემოთ დავწერ, არაა გასაკვირი, მაგრამ საქართველოში რომ ავიწყდებათ, ესაა პრობლემა. აქ ჩნდებიან პირები, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ თურმე ამერიკამ დაჰპირდა რაღაც საბჭოთა კავშირს და დანაპირებს არ ასრულებენ.
ასევე, აყოლილი კრემლის პროპაგანდას თუ საკუთარ სურვილებს, ამტკიცებენ, რომ დასავლეთმა უკვე ჩაგვაბარა, ბაიდენი უკან დაიხევს და პუტინის მოთხოვნებს დათანხმდება და ა.შ. ისე უხარიათ, თითქოს რუსეთთან მარტო დარჩენილები მეტს მივაღწევთ, ვიდრე პარტნიორების მხარდაჭერით. დავუბრუნდეთ ნატოს გაფართოებას.
დავუშვათ და შედგა ასეთი შეთანხმება აშშ-სა და სსრკ-ს შორის. რა რეალობა იყო მაშინ? ერთ მხარეს აშშ და ნატო, მეორე მხარეს სსრკ (15 რესპუბლიკის შემადგენლობით) და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან ერთად.
1991 წელს დაიშალა საბჭოთა კავშირიც და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაც. მესმის, რომ სსრკ-ს მემკვიდრეობა რუსეთმა გადაიბარა, ვალებიანად, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკაც გადავაბარეთ?
ანუ, რუსეთმა უნდა განსაზღვროს 14 დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო ორიენტაცია? რუსეთს ვინმემ დაუშალა ჩვენთვის უკეთესი არჩევანის შეთავაზება?
1990 წელს იყო საუბარი უსაფრთხოების ურთიერთგარანტიებზე. რუსეთმა, როგორც სსრკ-ს სამართალმემკვიდრემ, უზრუნველყო უსაფრთხო გარემო, თუ კონფლიქტები და სისხლი შესთავაზა პოსტსაბჭოთა სივრცეს?
იქნებ ვინმე იტყვის, რომ ცხინვალის მოვლენებში, აფხაზეთის ომში, რუსეთი კავშირში არ იყო?! ამ ე.წ. შეთანხმებამდე დაიწყო ფერგანა და ყარაბაღი და მერეც გაგრძელდა. 1990 წლის შემოდგომით დაიწყო დნესტრისპირეთის კონფლიქტი.
აფხაზეთის ომიდან რამდენიმე თვეში დსთ-ში რომ შევედით, იმედებით… მივიღეთ გაყინული კონფლიქტები.
როცა პოსტსაბჭოთა სივრცეში სისხლიან კონფლიქტებს უყურებდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, დღეს რატომ უკვირს რუსეთს, რომ ეს ქვეყნები უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ ცდილობდნენ გაერთიანებას?
ამ მოლაპარაკებებიდან, რომელზეც დღეს რუსეთი აპელირებს, რამდენ ხანში მოხდა ნატოს პირველი გაფართოება, სსრკ-ს დაშლისთანავე? არა, 8 წლის შემდეგ, 1999 წელს, შემდეგი კი 2004 წელს.
რა ხდებოდა პარალელურად?
– 1991 წელს რუსეთი შედის ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოში, რომელიც 1997 წლიდან გარდაიქმნა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოდ;
– 1992 წელს აფხაზეთში საქართველო-რუსეთის ომი იწყება. რუსეთის ვერაგული შუამავლობის და მოტყუების წყალობით, ომის წაგების შემდეგ, ნაჩქარევად შევედით დსთ-ში;
– 1994 წლიდან რუსეთი უერთდება პროგრამას “პარტნიორობა მშვიდობისათვის”;
– 1997 წელს ხელი მოეწერა აქტს ნატო-რუსეთის თანაშმრომლობის და უსაფრთხოების შესახებ. შეიქმნა მუდმივმოქმედი ერთობლივი საბჭო, რომლის სხდომები იმართებოდა ფორმატით “ნატო+1”. ამ შეთანხმებით ნატომ ვალდებულება აიღო არ განეთავსებინა ჯარები რუსეთის საზღვარზე. თუმცა, ამის საჭირობაც არ იყო, ურთიერთობათა სანდოობიდან გამომდინარე;
– 1999 წელს ნატო სამ წევრს იმატებს, უნგრეთს, ჩეხეთს და პოლონეთს. რუსეთის თანამშრომლობა ნატოსთან წარმატებით ვითარდება;
– 2001 წელს ხელი მოეწერა რომის დეკლარაციას, რომლის თანახმადაც ნატო-რუსეთის ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადიოდა. ეს უკვე პუტინის პერიოდია. 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ნატო-რუსეთის ურთიერთობები განსაკუთრებით დათბა;
– 2002 წელს რომის დეკლარაციის საფუძველზე იქმნება “ნატო-რუსეთის საბჭო” (“ოცეულის საბჭო). მისი მიზანი იყო კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების პროცედურების შემუშავება, რასაც უნდა მოჰყოლოდა ნატო-რუსეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება, რუსეთის სრულუფლებიან წევრობამდე;
– 2002 წელს, ზემოთ აღწერილი პროცესების ფონზე, საქართველო აკეთებს ოფიციალურ განაცხადს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით. პრეტენზია არავის განუცხადებია. თუმცა, ერთ წელში განმცხადებელი კრწანისში გაუშვეს, პენსიაზე. ეს ისე;
– 2003 წელს ნატოს გენერალური მდივანი და რუსეთის თავდაცვის მინისტრი ხელს აწერენ ჩარჩო შეთანხმებას “ნატო-რუსეთი” წყალქვეშა ხომალდების ძიება-გადარჩენის ერთობლივი პროცედურების შესახებ;
– 2004 წელს ნატოში წევრიანდება ესტონეთი, ლიეტუა, ლატვია, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი. რუსეთი აპროტესტებს, მაგრამ მუშტებს არ აბრახუნებს;
– რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ღონისძიებებში, სწავლებებში, ხოლო ბევრ წევრ ქვეყანასთან გაფორმებული ჰქონდა ჩარჩო ხელშეკრულებები სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ;
– 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტის მკვეთრი გამოსვლა მიუნჰენის კონფერენციაზე, ერთპოლუსიანი სამყაროს კრიტიკის შესახებ.
– 2007 წელს, მიუნჰენის გამოსვლის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტი ხელს აწერს ფედერალურ კანონს “რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყნებს შორის პროგრამის “პარტნიორობა მშვიდობისათვის” რატიფიკაციის შესახებ”.
დღეს რუსეთის პრეზიდენტი იხსენებს, სხვათაშორის მიუნჰენშიც თქვა, რომ 90-ან და ნულოვან წლებში დასავლეთი რუსეთს ეხმარებოდა მძიმე პერიოდის გადატანაში. ახლა რუსეთი ფეხზე დადგაო, ამბობს.
მოკლედ, შემდეგ იყო:
– 2008 წლის საქართველო-რუსეთის მორიგი ომი;
– 2014 წელს ყირიმის ანექსია, დონბასის მოვლენები, აფხაზეთიზაცია.
დღევანდელ პუბლიკაციებში, ნატო-რუსეთის თანამშრომლობა ორ პერიოდადაა დაყოფილი: 1991-2014 (ანუ ყირიმის ანექსიამდე) და 2014 წლიდან დღემდე. ნიშანდობლივოა, ხომ?
რუსეთ-საქართველოს ომის და უკრაინის მოვლენების დეტალებში არ შევალ. ისედაც ვრცელი ტექსტია. ორი სიტყვით რუსეთ-დასავლეთის ბოლო წლების ურთიერთპრეტენზიებზე.
რუსეთი აყენებდა პრეტენზიებს ანტისარაკეტო სისტემების დაყენებასთან დაკავშირებით აღმოსავლეთ ევროპაში იმ მოტივით, რომ ორმაგი დანიშნულების რაკეტები გამოიყენება.
ანალოგიური პრეტენზიები დასავლეთს ჰქონდა რუსეთის მიმართ ისკანდერებთან დაკავშირებით, რადგან რაკეტების ერთ-ერთი მოდიფიკაცია 9მ927 არღვევს შეთანხმებას საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. ამ რაკეტების მოქმედების რადიუსი აღწევს 500 კილომეტრს. ასევე მათი მეშვეობით შესაძლებელია ბირთვული ქობინების გამოყენება.
ზემოთ რაც აღვწერე, ნათლად ჩამს ნატო-რუსეთის ურთიერთობების სიამ-ტკბილობა 2008 წლამდე.
ომის შემდეგ იყო სერიოზული დაძაბულობა. თუმცა, ჩვენმა მაშინდელმა ხელისუფლებამ ვერ მივაღწია დასავლეთის მხრიდან მეტი მწვავე რეაქციის გამოვლინებას. მეტიც, საქართველოსთან გარკვეული პერიოდით გაგრილდა ურთიერთობები. ამ დეტალებშიც არ შევალ. ომის საერთაშორისო გამოძიება, ევროსაბჭოს რეზოლუცია და სხვა, არ იყო ჩვენს სასარგებლოდ. ბევრჯერ მაქვს დაწერილი და ახსნილი, რომ ამ, საქართველოსთვის საზიანო რეზოლუციისთვის ხმის მიცემა არ შეიძლებოდა.
2009 წელს ჰილარი კლინტონისა და ლავროვის მიერ გამოცხადებული “გადატვირთვა” ჩვენთვის აშკარად წამგებიანი იყო. წესით, ამ გადატვირთვას რუსეთის აგრესია უნდა შეეკავებინა, თუმცა მოლოდინები ცრუ აღმოჩნდა.
შემდეგ იყო 2014 წელი და უკრაინის მოვლენების ფონზე რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობების მკვეთრი გამწვავება, სანქციების ომი.
ბოლო წლები როგორ განვითარდა, ყველას გვახსოვს. ამ წლებში ბევრი ბლოგი მაქვს დაწერილი მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების არქიტექტურის სრულად მოშლის შესახებ. გაუქმებული იქნა ყველა შეთანხმება, რომლებიც გლობალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. შემორჩა მხოლოდ START-3 (СНВ-3).
დღეს ყველაფრის ისე წარმოჩენა, თითქოს აქეთ, აღმოსავლეთში უმანკო რუსეთი იყო, არავის ემუქრებოდა და აღმოსავლეთ ევროპის და პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ამერიკის ან ნატოს ზეწოლით მოისურვეს ნატოს წევრობა, უბრალოდ არ იქნება მოვლენების ობიექტური წარმოჩენა.
ნატო რომ მისი წევრი და კანდიდატი/ასპირანტი ქვეყნებისთვის უსაფრთხოების ქოლგად აღიქმება, ახსნა არ უნდა სჭირდებოდეს. შესაბამისად, არა ნატო ექაჩება ქვეყნებს თავისკენ, პირიქით, ქვეყნები მიიწევენ ნატოსკენ.
სხვათაშორის, კიდევ ავღნიშნავ, წაგებული ომის შემდეგ, 1994 წელს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოლოფინით, შევედით დსთ-ში, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. მიუხედავად ჩვენი შეცდომებისა, რაც რუსეთმა ჩაიდინა, სცდება სამართლიანობასაც და სამართლის ნორმებსაც.
მოკლედ, როგორც არ უნდა ვაფასებდეთ 2008 წლის მოვლენებს, რუსეთის ქმედებებს გამართლება არ აქვს. იგივე ეხება 90-ან წლებს. ეს ცალკე სასაუბრო თემაა.
ახლახანს პუტინმა თქვა. რომ უკრაინის ნატოში მიღების შემთხვევაში რაკეტის მოფრენის დრო 5 წუთამდე შემცირდებაო. რუსეთის ტერიტორია მსოფლიოს 1/8-ს შეადგენს, შუა ევროპიდან იაპონიამდე, მოფრენის დროს კი მოსკოვამდე თვლიან. უკრაინიდან როსტოვამდე, კრასნოდარამდე ან კალუგამდე უფრო ნაკლებია, მაგრამ მოსკივზე აკეთებენ გათვლას. ეს ისე.
ანუ, თუ მხოლოდ მოფრენის დრო არის პრობლემა, უკრაინის გარეშეც, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გაცილებით ნაკლები მანძილია მოსკოვამდეც, კულტურულ დედაქალაქ სანქტ-პეტერბურგამდეც. მოკავშირე ბელარუსზე გათვლას საერთოდ არ აკეთებენ.
ასე რომ, მოფრენის დრო არაფერ შუაშია. საბოლოო მიზანს რუსეთი კარგა ხანია აღარ მალავს.
რუსეთს აქვს უფლება სურდეს აღადგინოს 1991 წლამდე პერიოდის სტატუს-ქვო. ოღონდ, ჩვენც გვაქვს უფლება არ გვსურდეს რუსეთის გავლენის სფეროში დავრჩენა.
ვის ექნებოდა პრეტენზია, რუსეთი თავის ტყავში რომ ეტეოდეს, მეზობლებს არ ერჩოდეს, სეპარატიზმს არ აღვივებდეს და ომებს არ აჩაღებდეს?!
10 იანვარს შედგება ბაიდენ-პუტინის მორიგი მოლაპარაკებები. არ მესმის, ამ ვითარებაში, რაც ზემოთ აღვწერე, რატომ უნდა გულშემატკიბრობდეს ვინმე რუსეთს?! არცერთი არგუმენტი არ არსებობს იმის სასარგებლოდ, რომ რუსეთის გაძლიერება ჩვენ რაიმე სასიკეთოს მოგვიტანს.
იმ ფონზე, როცა რუსეთი 2007 წალმდე ლამის თავად გახდა ნატოს წევრი, სხვა ქვეყნების ან ნატოს მიმართ პრეტენზია, ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, ალოგიკურია.
ისიც ფაქტია, რომ ნატო არც რუსეთს შევარდნია სახლში, არც ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სსრკ-ს ყოფილი ქვეყნებისთვის წაურთმევია ტერიტორიები.
წარმოიდგინეთ რა დღე მოელოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღევანდელი რუსეთის პირობებში, ნატოში შესვლა რომ ვერ მოესწროთ.
ნატოს ჯარების გადმოსროლა აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე გააქტიურება შავ ზღვაზე, 2014 წლის უკრაინის მოვლენების შემდეგ დაიწყო.
ის რომ ამ დაძაბულობის ფონზე, აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გააქტიურდა, სულაც არ ნიშნავს, რომ ნატო ღია კარის პოლიტიკაზე იტყვის უარს, ან აშშ დაიხევს უკან.
ყოველ დაძაბულობას, მოჰყვება განმუხტვის პერიოდი. ასე იყო “რკინის ფარდის” პერიოდიდან. დასხდებიან, იშაუბრებენ, შეაფასებენ ვითარებას, მოსინჯავენ ძალებს. ნელ-ნელა დაიწყებენ ახალ არქიტექტურაზე, შეიარაღების კონტროლის ახალ შეთანხმებებზე მუშაობას. ამ ყველაფერს დრო დასჭურდება.
ის რომ ბუქარესტის სამიტის შეთანება არ გადაიხედება, სანამ ამ პოსტს ვწერდი, უკვე განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა და სხვა მოლოდინი არ მქონია, რის შესახებაც მოკლედ დავწერე, როცა ეს წერილი დავაანონსე.
მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი. თუმცა, რუსეთის მუქარებს თავს არავინ დაუხრის.
ისიც ფაქტია, რომ ჩვენთვის რუსეთს რაიმე ღირებული შემოთავაზება არ აქვს. გარკვეულ ჯგუფებს, ჩვენს ქვეყანაში, სულ ტყუილად აქვს იმის მოლოდინი, რომ რუსეთს სასწორის ერთ მხარეს ნატოს დავუდებთ და რუსეთი მეორე პინაზე რაიმე სერიოზულს დადებს.

Leave a Reply