გიორგი კანაშვილი

მეც დამაინტერესა ამ ნეიტრალიტეტის საკითხმა, იქნებ არ მესმის რამე თქო. წავიკითხე და აღმოჩნდა, რომ ნეიტრალური ვინაა და ვინ არა, მაგაზეც კი არაა თანხმობა (მაგ. ზოგიერთი ჩამონათვალი უკრაინასაც კი ნეიტრალურ ქვეყნებს მიაკუთვნებს). მე რაც ვნახე, დღეის მონაცამებით, ყველაზე მეტი მსოფლიოში 15-მდე ნეიტრალური ქვეყანაა.
ზოგადად ეს ნეიტრალიტეტი მშვენიერი რამაა: ამა ქვეყნის ძლიერთა საქმეებში არ ერევი, შესაბამისად უფრო ნაკლები შანსია, რომ ვინმე დაგესხას, არც შენ ესხმი არავის, ხარ მშვიდად და წყნარად.
თუმცა ისმის ლოგიკური კითხვა: თუ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია ნეიტრალიტეტია, რატომ ყველა ქვეყანა ნეიტრალური არაა?! რისთვის იქმნება სამხედრო ალიანსები, საერთოდ რატომ ქმნის კაცობრიობა იარაღს, რისთვის არსებობენ თავდაცვის სამინისტროები?!
მოკლე-მარტივი პასუხია ის, რომ ნეიტრალიტეტი მცირეთა ხვედრია და ძალიან სპეციფიური ისტორიული მოვლენების შედეგად ხერხდება მისი მიღწევა. კერძოდ მაშინ, როდესაც შენთვითონ „წაიტეხ“ ცხვირს და აღარ გაქვს სურვილი ომებში ჩართვის (შვედებს დაემართათ რაღაც ამდაგვარი); ან შენი დიდი მეზობლები „წაიმტვრევენ“ კბილებს შენზე, ან შენს გასაყოფად წარმოებულ ომში. აქ მთავარი ისაა, რომ არც შენ გინდა ომი სხვასთან და არც სხვებს შენთან (გარემოებები შეიძლება იყოს სხვადასხვა).
ახლა საფუძვლიანია დავსვათ კითხვა: დღევანდელი რუსეთი ჩვენს შესაძლო ნეიტრალიტეტს პატივს სცემს, ვენდობით პუტინის რუსეთს? ბევრი ვუტრიალე ამ კითხვას; ანალიტიკური წესიერებით შევეცადე „სანეიტრალიტეტო“ არგუმენტი მეპოვა. ვერ ვიპოვე.
ჩვენივე და ჩვენი მეზობლების გამოცდილებები სრულიად საპირსპიროს გვეუბნება. დღეს იქნება ნეიტრალიტეტი, ხვალ გვთხოვენ – ძალოვანი სტრუქტურების მინისტრების კრემლთან შეთანხმებით დანიშვნას, მერე გვეტყვიან პატარა ანტიტერორისტული ცენტრი გავხსნათო (მაგ. ბათუმში), მერე რომელიმე ტელევიზიის „ნაციონალისტი“ ჟურნალისტი არ მოეწონებათ და ზოგადად მედია გარემო, მერე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას დაგვიწუნებენ და ა.შ. ერთი სიტყვით, დღევანდელ პირობებში, ნეიტრალიტეტი რეალურად სახელმწიფოებრიობაზე ხელის აღებას ნიშნავს.
და ბოლოს – კი, ჩვენი სახელმწიფო, თავისი პოლიტიკური ელიტებითა და ხელისუფლებებით, ძალიან შორსაა სასურველისგან, მაგრამ – ჩვენია; ასეთია, თუ ისეთია – ჩვენია; საუკუნეების განმავლობაში არ გვქონია სახელმწიფოს ქონის შანსი, ახლა გვაქვს და ღირს მისთვის თავის გადადება!

Leave a Reply