ტელეკომპანია ახალს გ.გ დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ არის პრორუსული და ანტიდასავლურად განწყობილი ძალებისგან მუდმივად თავდასხმის და ზეწოლის ობიექტი. ჩვენ მას ინტერვიუს ჩაწერა შევთავაზეთ. თუმცა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის!!!!! გ.გ.-ს მეუღლე წლების განმავლობაში იყო „თავისუფალი ზონის“ წევრი, მაგრამ პოლიტიკურ შეხედულებას წყვილისთვის ხელი არ შეუშლია და ოჯახი შექმნეს. აი ზუსტად აქედან დაიწყო ის ზეწოლები, რასაც უკვე წლებია ოჯახი ერთად უმკლავდება, მაგრამ წითელი ხაზები გადაიკვეთა, ახლა უკვე 3 შვილის მშობლები მხოლოდ ბავშვების სიცოცხლის უსაფრთხოების გამო იძულებულნი გახდნენ წასვლაზე სერიოზულად ეფიქრათ.

https://www.youtube.com/watch?v=cYidqHrUdcI

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია ახალი ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა „რუსეთუმეების“ მუქარის და აგრესიის ობიექტი, ისევე როგორც ჩვენი რესპოდენტი, ინტერვიუს ჩაწერა სკვერში, ხალხმრავალ ადგილას გადავწყვიტეთ.

გ.გ. დღეს ჩვენი სტუმარია და თავად გიამბობთ თუ რა გზა გამოიარა 2020 წლიდან დღემდე.

-როგორც გვითხარით თქვენ საჯარო მოხელე იყავით.

-დიახ, 2015 წელს მუშაობა დავიწყე გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში. მალევე დავოჯახდა. 2020 წლის არჩევნებზე, როგორც საჯარო მოხელეს, მომთხოვეს საარჩევნო პროცესში  ჩართვა და აგიტაციის გაწევა.

-კი, არჩევნებში საჯარო მოხელეები მუდმივად ერთვებიან. თქვენ უარი რატომ განაცხადეთ?

– უკვე 2 შვილი მყავდა, ვხედავდი რა დაძაბული ვითარება იყო რაიონში წინასაარჩევნოდ შექმნილი და არ მინდოდა ეს ყველაფერი ჩემს ოჯახზე ასახულიყო, თან უკვე მაშინ არაერთი დაპირისპირება მქონდა ანტიდასავლურად განწყობილ ძალებთან, რომლებიც აქტიურად იყვნენ არჩევნებში ჩართული და არ მინდოდა კიდევ უფრო გამწვავებულიყო სიტუაცია.

-რას გულისხმობთ?

-არაფრით მეგონა, უფრო მეტიც! ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ 2012 წლის შემდეგაც მომიწევდა აგრესიასთან და ფიზიკურ ზეწოლასთან გამკლავება. თითქოს წლები უკან დაბრუნდა და ისევ იმ მოჯადოებულ წრეზე დატრიალდა ყველაფერი! ჯერ კიდევ 2020 წელს, პირდაპირ გამაფრთხილეს, თუ არ ჩავერთვებოდი საარჩევნო პროცესში, სამსახურს დავკარგავდი. ახლა უკვე არც კი ვიცოდი რომელი ძალის წარმომადგენლები მემუქრებოდნენ, ისე იყვნენ ერთმანეთში არეულნი! მეუღლემ ისიც კი მითხრა, დავტოვოთ ქვეყანა და წავიდეთო, მაგრამ 2 მცირეწლოვანი ბავშვით სად წავსულიყავი! წასვლა ვერ გავრისკე!  აი უკვე მაშინ, როცა ჩვენს რაიონშიც გამოჩნდნენ პრორუსული ძალები, უკვე აშკარად დავინახე რომ ძალიან გამიჭირდებოდა რაიონში ყოფნა.

-რატომ?

– პირდაპირ მითხრეს, ხომ იცი ამ ადგილას რომ ხარ და მუშაობ, ამ მთავრობის დამსახურებაა, თუმცა შენ მადლობაც არ გითქვამსო და არც არჩევნების დროს დახმარებიხარო. ისედაც აგრესიულად იყვნენ ყოველთვის ჩემდამი განწყობილნი.

და რამ გამოიწვია თქვენდამი მათი აგრესია?

-ბევრ მათგანს ბავშვობიდან ვიცნობ, ჩვენი ოჯახების მსოფლმხედველობა ყოველთვის განსხვავებული იყო, მე ბავშვობიდან თვალი ევროპისკენ მეჭირა. არ მესმის იმ ადამიანების, რომლებიც სსრკ-ს მისტირიან და დღესაც კი ხსნას რუსეთში ხედავენ. ყოველთვის ვცდილობ ახალგაზრდებსაც ჩავუნერგო, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპისკენაა. ამ საკითხთან დაკავშირებით ხშირად მქონდა სიტყვიერი დაპირისპირება განსხვავებული შეხედულების ადამიანებთან, მუდმივად მაყვედრიდნენ, რომ მე საჯარო მოხელე ვიყავი.

-გამოდის თქვენ ევრიპოს პოპულარიზაციისთვის გდევნიან? მაგრამ ჩვენი ქვეყნის გაცხადებული განაცხადია სწორედ გზა ევროპისკენ.

-გეთანხმებით, მაგრამ კარგად იცით რომ ქვეყანაში პრორუსული ძალები მძლავრად იდგამენ ფეხს, თითქმის ყველა რაიონში გახსნეს ოფისები, ჩვენთანაც და წამლავენ ახალგაზრდებს. მე მუდმივად ვცდილობ ახალგაზრდებთან, სკოლის მოსწავლეებთან კონტაქტს და მუდმივად განვიხილავთ რა სიკეთის მოტანა შეუძლია ევროპას და რატომ არ უნდა გვინდოდეს ისევ რუსული ჩექმის ქვეშ ცხოვრება. აი მას მერე, რაც ოფისებიც გახსნენ, რაღაც არასამთავრობოებიც ჩამოაყალიბეს, დაიწყო ჩემდამი ღია აგრესია, მუქარები. რამდენჯერმე გააფრთხილეს დედაჩემი და მამაჩემი, რომ გავჩუმებულიყავი. ერთ დღეს კი ქუჩაში, საჯარო სივრცეში დამესხნენ თავს, სიტყვიერ შეურაცხყოფას ფიზიკურიც მოჰყვა, არც მე ვიხევდი უკან, რადგან ბევრი ახალგაზრდა გვისმენდა, ვეუბნებოდი, რომ რუსეთი ოკუპანტია და ახლა რუსეთის მხარდაჭერა სირცხვლი კი არა დანაშაულიათქო! მათი მოთხოვნით სამსახურიანაც გამაგდეს.

-გაგაგდეს?

-კი, გამომაგდეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით  და  ღია მუქარაზე გადმოვიდნენ.

-ამის მერე თუ იყო კიდევ ფიზიკური ძალადობა თქვენზე?

-ყველაზე სერიოზულად ძალადობა და აგრესია მაშინ დაიწყო, როცა მეუღლე მესამე ბავშვზე იყო ფეხმძიმედ. საშინლად ნაცემი რომ მნახა, ინერვიულა და ცუდად გახდა. ექიმმა კატეგორიულად გაგვაფრთხილა, რომ მისთვის ნერვიულობა არ შეიძლებოდა.  ყველანაირად ვცდილობდი ამერიდებინა მისთვის უარყოფითი ემოციები, მაგრამ  ჩემდამი მუქარებმა ინტენსიური ხასიათი მიიღო, მე კი ვერიდებოდი ქუჩაში ამ რუსეთუმეებთან შეხვედრასაც კი, მაგრამ თავად არ ჩერდებოდნენ, რამდენჯერმე სახლშიც მომივარდნენ და მოითხოვდნენ ხმამაღლა მეთქვა, რომ ჩემი არჩევანი არ არის ევროპა. მე რა თქმა უნდ ამას არ ვიტყოდი და ყოველი ასეთი „ვაი სტუმრობა“ ფიზიკური ძალადობით და ხმაურით სრულდებოდა. მერე იქამდეც მივიდნენ, რომ ჩემი ოჯახის წევრები გამაფრთხილეს-თუ არ გავჩუმდებოდი და მათ ხელს შევუშლიდი, სიცოცხლეს გამომასალმებდნენ.

2022 წლის აგვისტოში, როცა ღიად გამოვხატე ჩემი პატივისცემა აგვისტოს ომში დაღუპულთა მიმართ და დავესწარი აქციას-რუსეთი ოკუპანტია!, არ მოერიდნენ ისევ სახლში მოვარდნებს. ასე გრძელდებოდა 5 დღე და ღამე, 13 აგვისტოს კი მეუღლე სამშობიაროში წავიყვანე, რადგან ნერვიულობის, შიშის და სტრესის ნიადაგზე ნაადრევი მშობიარობა დაეწყო. 15 აგვისტოს ისევ დამესხნენ თავს, ისეთი ნაცემი ვიყავი 16-ში მეუღლე და ბავშვი უნდა გამომეყვანა სამშობიაროდან და ვერ წავედი, მამაჩემმა მოიყვანა სახლში.

ასე გრძელდება დღემდე და მათი თავგასულობა კიდევ უფრო უკონტროლო გახდა მას მერე, რაც პოლიტიკურ ასპარეზზე „ხალხის ძალა“ გამოჩნდა. რუსეთის მხარდამჭერები ისე გათავხედნენ, ისიც კი შემომითვალეს-3 შვილი გყავს და დაფიქრდიო!

როცა თბილისში უკრაინის მხარდამჭერ აქციებზე ვიყავი, რაიონში დაბრუნებულს დამხვდნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, თან უკრაინას და მის მთავრობას ხმამაღლა აგინებდნენ. მერე მიტხრეს-უკრაინის მხარდაჭერით საკუთარ სიკვდილზე მოაწერე ხელიო! თან მახსენებდნენ, რომ მე საჯარო მოხელე ვარ და არა რომელიმე , როგორც თავად ყვიროდნენ – „აგენტი არასამთავრობოს“ წევრი.

ბოლო წვეთი იყო, როცა მეუღლემ სკოლიდან ატირებული ბავშვი მოიყვანა. ჩემმა უფროსმა შვილმა, რომელიც პირველკლასელია,. სკოლაში წაიღო უკრაინის პატარა დროშა. სხვა ბავშვებსაც ჰქონდათ და ამანაც წაიღო. გზაში დახვდნენ ჩემს ცოლს, ბავშვს დროშა წაგლიჯეს ხელიდან, დაბლა დააგდეს, ფეხით გათელეს და თან, როგორც ცოლმა მითხრა ასე ამბობდნენ-„ოაბლოკო ატ იაბლონი…“. აშკარად ჩემი შვილი რომ იყო იმიტომ გამოხატეს მის მიმართ ასეთი აგრესია. მერე ჩემს მეუღლეს ბავშვის თანდასწრებით უთხრეს – ბავშვსაც რომ მამის კვალზე ზრდით! შენმა ქმარმა ან დატოვოს აქაურობა, ან მოგიწევს 3 ობოლის გაზრდაო…

-სხვა არავინ შესწრებია ამ ამბავს? სოფელი, მეზობლები რას ამბობდნენ?

-ბოლო ხანებია მეზობლებიც გვერიდებიან. ეშინიათ. ის კი არა, პრობლემები შეექმნათ დედაჩემსაც და მამაჩემსაც.

იცით რა ძნელია დილით რომ გადიხარ სახლიდან და არ იცი, რომელ წუთს ვინ სად დაგესხმება თავს! საშინელებაა, როცა ბავშვებს ბაღში და სკოლაში ვუშვებ და სულ შიშით ვარ, მეშინია, როცა ცოლს მესამე, 6 თვის ბვშვთან ერთად სახლში ვტოვებ და რატომ-მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვიღაცეებისგან განსხვავებული ხედვა მაქვს და ჩემი შვილების მომავალს ევროპაში ვხადავ!

-რას აპირებთ?

-ყველაზე მთავარი ჩემი ოჯახის, ჩემი შვილების უსაფრთხოებაა. არც მე მინდა უაზროდ დავასრულო სიცოცხლე, ან სულ დაძაბული ვიყო! ამიტომ უნდა დავყოვო ქვეყანა და წავიდე იქ, სადაც რუსეთის გავლენა არ მომწვდება და ჩვენს სიცოცხლესაც საფრთხე არ დაემუქრება!

გ.გ-ს მეუღლე მ. გ.

-წლებია „თავისუფალი ზონის“ წევრი ვარ, თუმცა განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებას ხელი არ შეუშლია და ოჯახი შევქმნეით. აი ამის მერე იწყება უკვე ერთობლივი ზეწოლები. ხომ იცით, „თავისუფალ ზონას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ აიგივებენ ერთ,მანეთთან, დევნიან ყველა განსხვავეული პოლიტიკური შეხედულების ადამიანს, ჩემს ქმარს თავის ამბებთან ერთად ჩემსასაც აყვედრიდნენ და მუდამ შიშის და ზეწოლის ქვეშ გვიწევდა ცხოვრება. არ ერიდებოდნენ არაფერს-არც ბავშვებს! ჩემთვის ყველაზე მტავარი შვილები და ოჯახია, არასდროს მეგონა წასვლაზე თუ ვიფიქრებდი, მაგრამ უკვე ყველა წითელი ხაზი გადაიკვეთა! მეშინია! ძალიან მეშინია ბავშვების გამო , მეუღლის გამო და დავთანხმდი ქმარს ქვეყანა დავტოვოთ! ჩვენ აქ აღარ დაგვედგომება-ყველგან ჭირს, მაგრამ განსაკუთრებით რაიონში-სულ დაუცველები და უპატრონოდ მიგდებულები ვართ!

 

Leave a Reply