„ახლაც ცოცხალი მგონია, რა ვქნა“…  აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს ახლობლები იხსენებენ

ლია წახნაკია:

„ზიგურდი მურუსიძე, ჩემი მეუღლე, სახლიდან გაიყვანეს და დახვრიტეს. მეც იქ ვიყავი, მაგრამ დახვრეტას არ შევსწრებივარ. მერე ოცი დღე კიდევ დავრჩი სოხუმში. გვამს ვეძებდი, რომ სადმე ხის ძირას მაინც დამემარხა. ვერ შევძელი, მეც მოსაკლავად მომდევდნენ. მერე თვითონ აფხაზები დამეხმარნენ და გამომიშვეს, ჩვენ დავასაფლავებთ, ვნახავთო, მაგრამ არ მიაქცია მაინც არავინ ყურადღება.

ერთხელ პანაშვიდი მინდოდა გადამეხადა და დამესიზმრა, გოგო, მე ცოცხალი ვარ და შენ პანაშვიდს მიხდიდიო? მამაოს რომ ვუთხარი, არაფრით არ ქნა, ცოცხლად გესიზმრა და პანაშვიდი როგორო. ალბათ, მე მინდოდა, რომ ცოცხალი ყოფილიყო და იმიტომ დამესიზმრა ასე. ჩემი დედამთილიც ისე გარდაიცვალა, სულ ელოდა, სულ ძებნაში იყო.

43 წლის იყო მაშინ, ახლა 71 წლის იქნებოდა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ, რომ დაგვიბრუნეს ჩვენი მიცვალებულები, საფლავი გვექნება და სანთლებს დავანთებთ, ყვავილებით შევამკობთ“.

ნინო კუხალეიშვილი:

„სამი მიცვალებული ჰყავს ჩვენს ოჯახს: დედა – ლუბა გრიგოლია, მამა – ვლადიმერ გრიგოლია და ბებია – ნადეჟდა კუხალეიშვილი.

47 წლის იყო დედაჩემი. ყველა გამოუშვა, მეუღლეც, შვილებიც და თვითონ დარჩა, ქალი ვარ და ხელს არ მახლებენო. ბებიაც არ წამოვიდა. მეზობელი აფხაზი ჰყავდა, მისი იმედი ჰქონდა.

ჯერ ბაბუა დაიღუპა. დედაჩემმა თავად დაკრძალა მეზობლის სახლში. მეორე დღეს დედაჩემი და ბებიაჩემი დახვრიტეს“.

მზია მიქაძე: „ჩემები ყველანი იბრძოდნენ. 27 სექტემბერს, სოხუმი რომ დაეცა, მაშინ დახვრიტეს მამაჩემი, ზემიკო მიქაძე. მე მაშინ 22 წლის ვიყავი, უკვე სამი ბავშვი მყავდა. ჩემი ძმა დაჭრილი იყო, კიდევ ჩემი და… ჩვენ გამოგვაცილა და თვითონ დარჩა. 4 წლიდან ობოლი იყო მამაჩემი, ყველაფერს თავისით მიაღწია და სახლს არ დავტოვებო, ამბობდა.

ბოლო „ელექტრიჩკას“ გამოვყევით და მერე ააფეთქეს კიდეც ხიდი“.

გოჩა კირთაძე:

„მამაჩემი, ჯენერი, აფხაზეთის მე-6 ბატალიონის მე-2 ბრიგადაში იბრძოდა. მეგობართან ერთად დაიღუპა სოხუმში, სოფელ „მაჭარკაში“. რამდენიმე წლის მერე გავიგეთ, რომ ერთ-ერთი მეზობლის ეზოში ყოფილა დამარხული“.

Leave a Reply