“სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებული ვარიანტი ცესკოს ოფიციალურ მონაცემებს ემთხვევა. გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ აუდიტის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის საფუძველზე მონაცემები დააკორექტირა.

საბოლოო სურათით, მმართველი პარტიის და სხვა ბარიერგადალახული პარტიების დიდი ნაწილის ხმების რაოდენობა პროცენტულად გაიზარდა. პარალელური დათვლით, “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა 45.8% იყო, კორექტირების შემდეგ- 47.6% გახდა. ცესკოს ოფიციალური მონაცემების თანახმად, “ქართულმა ოცნებამ” 48.2% მიიღო. ერთი პროცენტით გაიზარდა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა/ძალა ერთობაშიას რეიტინგი და 27.4% გახდა. ცესკოს ოფიციალური შედეგების თანახმად კი, ამ პოლიტიკურმა ძალამ 27.18% მიიღო. სხვა ბარიერგადალახული პარტიების მონაცემები მცირედით – 0.1% გაზრდილია.

“სამართლიანი არჩევნების” ხმების პარალელური დათვლის შედეგების კორექტირებულ ვარიანტს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, სერგო ჩიხლაძე ეხმიანება და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იწვევს ეჭვს.

-“ძალიან საეჭვოა, რომ ეს ემთხვევა დროში ხელისუფლების განცხადებას 1%-იან ცვლილებასთან დაკავშირებით, მანამდე, ეს დიდი ციფრი იყო ISFED-ის მონაცემებით და ახლა ზუსტად 1%-ზე ნაკლებ მონაცემზე დაჯდა.

ის, რომ, ვთქვათ, სერიოზული გაყალბებები იყო, არ ემყარებოდა მხოლოდ ISFED-ის მონაცემებს, იქამდეც ჩვენ წარვადგინეთ ოქმები უბნებიდან და ა.შ, რომლებიც, მაჟორიტარული ოლქების თითქმის ორ მესამედს ეხებოდა, სადაც სერიოზული აცდენები იყო ოქმებში.

მათ ერთი მონაცემი წარადგინეს რამდენიმე კვირის წინ და გუშინ სხვა მონაცემი – რომელს უნდა ვენდოთ, ეს ცოტა გაურკვეველია,”- განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

Leave a Reply