დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომა გაიმართა, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2020 წელი შეაჯამა და განაცხადა, რომ ეს წელი სავსე იყო უდიდესი გამოწვევებით:

“შეიძლება ითქვას, რომ დიდი ბრძოლის წელი მიიწურა. მთელ მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანას ჰქონდა სერიოზული გამოწვევები, პანდემია, კორონავირუსთან ბრძოლა, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა. ძალიან რთულია, როდესაც პრაქტიკულად ომის პირობებში გიწევს დაგეგმილის განხორციელება ან კიდევ უფრო უარესი, როდესაც ეს გეგმა იცვლება,”- განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, შექმნილი სიტუაციის გამო, პროექტების ნაწილი, რომლებიც 2020 წლის დასაწყისში დაიგეგმა, ვერ განხორციელდა, თუმცა თბილისი მერის თქმით, ეს პროექტები განხორციელდება 2021 წელს.

თბილისის მერმა მიმოიხილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა და ხაზი გაუსვა იმას, რომ აქტიურად მიმდინარეობს როგორც ავტობუსების და სამარშუტო ტაქსების განახლება, ასევე საფუძვლიანი რეაბილიტაცია უტარდება მეტროსაც.

“დავიწყეთ ერთიანი გადახდის სისტემის დაგეგმვაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საათ-ნახევრის განმავლობაში ერთი გადახდით იმგზავრებს მგზავრი, როგორც ავტობუსში, მიკროავტობუსში, ასევე მეტროში, რაც ვფიქრობ ძალიან მოსახერხებელია. ამაზე მუშაობა დაწყებულია და მომავალი წლიდან დაიწყება განხორციელება,” – აღნიშნა კახა კალაძე.

დედაქალაქის მერის თქმით, 2020 წელს 1300-მა ოჯახმა საცხოვრებელი ფართები დაიკანონა და მათთვის ამ ფართების გადაცემა სიმბოლურად 1 ლარად მოხერხდა, ასევე 1572 ერთეულისთვის მოხდა მიწის ლეგალიზება. კახა კალაძის თქმით, ეს პროგრამები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ამასთან, ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუღებელია სახელმწიფო მიწების მიტაცება.

კახა კალაძის თქმით, თბილისის მერიამ პანდემიის პირობებში ბიზნესის ხელშემწყობი არაერთი ინიციატივა განახორციელა.

დედაქალაქის მერის შეფასებით, 2020 წელი მნიშვნელოვანი იყო ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისითაც.

“1 113 193 კვ.მ გზის საფარი იქნა გაკეთებული, 813 ქუჩა, გამზირი, აღმართი და ხიდი იქნა მოწესრიგებული, დაირგო 47 384 მწვანე ნარგავი,” – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანი წინსვლაა სამშენებლო კომპანიების მიერ დაზარალებულთა პრობლემის მოსაგვარებლად. კახა კალაძის განცხადებით, “სვეტის” და “ოლიმპიური ვარსკვლავის” შემდეგ “ცენტრ პოინტის” დაზარალებულთა პრობლემებიც მალე მოგვარდება.

კახა კალაძემ გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა თბილისის მერიის ყველა სამსახურის თანამშრომლებს.

Leave a Reply