საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ეფექტური და წარმატებული თანამშრომლობა, ვაქცინაციის სამოქმედო გეგმა, ქვეყნის ევროინტეგრაცია და სტრუქტურული რეფორმები განიხილეს.

სებასტიან მოლინეუსმა დაადასტურა მსოფლიო ბანკის მზაობა, მხარი დაუჭიროს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მთავრობის გეგმას – 2024 წლისათვის წევრობის ოფიციალური განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით.

გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერას Covid-19-ის პანდემიასთან ბრძოლის პირობებში უდიდესი პოზიტიური გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და სოციალურ ფონზე. აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის უახლესმა პროგრამებმა ხელი შეუწყო ისეთ მნიშვნელოვან რეფორმებს, როგორიცაა: საპენსიო რეფორმა, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის რეფორმა, კაპიტალის ბაზრის განვითარების რეფორმა; საჯარო-კერძო პარტნიორობის სისტემის განვითარება და სხვა. პრემიერ-მინისტრმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა 2019-2022 წლების პარტნიორობის ჩარჩოს ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.

საუბარი შეეხო მოქალაქეთა და ბიზნესის მიზნობრივი მხარდაჭერის მომდევნო ეტაპს, რომელიც დაკავშირებულია COVID-19-ის პანდემიის მეორე ტალღასთან.

შეხვედრისას მხარეებმა ყურადღება დაუთმეს მასშტაბურ რეგიონულ პროექტებს. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველომ გამოიყენოს მისი სტრატეგიული ადგილმდებარეობა და პოსტკოვიდურ მსოფლიოში წარმატებულად პოზიციონირებდეს.

შეხვედრისას დადებითად შეფასდა პარტნიორობა განვითარების პოლიტიკის ოპერაციების(DPO) ფარგლებში, რასაც წვლილი შეაქვს ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობასა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდაში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დივერსიფიცირებული პორტფელი აქვს, რომელიც 2.7 მლრდ აშშ დოლარს მოიცავს.

Leave a Reply