ანი გულბათაშვილი

ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით; 8-15 თებერვლიდან მართალია პანდემიური სიტუაციის დროს დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება იწყება, თუმცა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ფუნქციონირების აღდგენა ამჟამად მაინც არ იგეგმება.

რას ფიქრობს ხალხი და ელოდებოდნენ თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტს? ამ კითხვებით ტელეკომპანია ახალი მცხეთის რაიონის სოფელ ახალუბანში გავიდა.

კითხვა პირველივე შემხვედრ ხუთ მოქალაქეს დავუსვით. ზოგიერთმა მათგანმა პასუხის გაცემამდე კონფედენციალურობის დაცვა მოითხოვა და როდესაც ვუთხარით, რომ სახელს და გვარს სააშკარაოზე არ გამოვიტანდით, მხოლოდ მაშინ დაგვთანხმდნენ საუბარზე.

ლ.თ. –  ტრანსპორტთან დაკავშირებული შეზღუდვები დიდად არ შემხებია, რადგან საკუთარი მანქანა მყავს, თუმცაღა, კარგი იქნებოდა თუ შეზღუდვები სრულად მოიხსნებოდა. ჩემს მეზობლებს გადაადგილება ძალიან უჭირთ, მეც უკვე არ ვიცი საჭიროების შემთხვევაში საწვავი როგორ ჩავასხა. ძალიან გაიწელა შეზღუდვები და საკმაოდ შეეტყო ჩვენს ჯიბეებს.

ლიანა ციხელაშვილი –  უჭირს ხალხს. სოფელში კიდევ არ არის იმდენი გაჭირვება, აქ შეიძლება იყოლიო მსხვილფეხა პირუტყვი, თბილისში კი ისინი, ვინც მუშაობდა ყველას არ ეძლევა ეს “ფუფუნება,” მრავალშვილიან ოჯახებსაც ხომ უნდა ცოტა ხელის შეწყობა, თან მითუმეტეს, ზოგი ქირას იხდის და ეს დახმარებაც, საკმაოდ გაჭირდა, სოფლიდან შვილებისთვის პროდუქტის მიწოდება ჭირს, ტრანსპორტი არ არის და ვერ ჩადიან სოფლებიდან.

მედეა ბედუკაძე –  საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას შეზღუდვები, ჩემმა ქმარმა დაკარგა სამსახური სწორედ იმის გამო, რომ ვერ გადაადგილდება ტრანსპორტით, სამუშაო ობიექტებიც დაიკეტა და შესაბამისად, ამ ყველაფერმა საკუთარი კვალი დაამჩნია ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას. დროა იფიქროს მთავრობამ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აღდგენაზეც.

ციალა ც. – ტრანსპორტთან დაკავშირებით არსებული შეზღუდვები არ უნდა მოიხსნას, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ცუდი მგომარეობაა, იმ თვალსაზრისით, რომ პანდემია კვლავ მძვინვარებს.

როგორც ხედავთ აზრი აქაც გაყოფილია, თუმცა საზოგადოების უმეტესობა  ელოდება ახლა უკვე 15 თებერვალს, იმ იმედით, რომ საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც აღდგება.

Leave a Reply