“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ამ წუთებში პარტიის წევრები არიან შეკრებილები. ოფისში იმყოფებოდა მთელი ღამის განმავლობაში ნიკა მელია, რომელსაც ჯერჯერობით მედიისთვის განცხადება არ გაუკეთებია.

პარტიის ლიდერთა განცხადებით, თუ სასამართლო პატიმრობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პოლიციას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის დაკავების შესაძლებლობა არ მისცენ.

“ძალიან მაინტერესებს ბატონო ე.წ. დეპუტატებო მოპარული ხმებით დამსხდარო დღეს პარლამენტში, სახლში რომ დაბრუნდით, საკუთარმა შვილებმა, მშობლებმა, დებმა, ძმებმა, მეუღლეებმა, რომ კითხვა დაგისვეს რა პასუხი გაეცით, რომ რა გადაწყვეტილება მიიღეთ, რომ თქვენ ვითომ ვინმე დამნაშავეს გამოუტანეთ თქვენი ე.წ. განაჩენი და დააჭირეთ იმ პულტის ღილაკს ხელი?

ჩვენ არ მივცემთ ხელისუფლებას იმის საშუალებას, რომ დააკავოს ნიკა მელია. ვერ დაიჭერს “ქართული ოცნება” იმიტომ, რომ სიმართლე დგას სწორედ ამ შემთხვევაში ნიკა მელიას და ქართველი ხალხის მხარეს.

ყველა სამართლებრივ ფორმას გამოვიყენებთ რა თქმა უნდა ამ ბრძოლისთვის, რომ არ მოხდეს ეს პროცესი,” – აცხადებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი ბოტკოველი.

საპარლამენტო უმრავლესობა კი ოპოზიციას დესტრუქციაში ადანაშაულებს. “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი ყველასთვის ერთია და ენმ-ის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება ხელისუფლების თვითმიზანი არ არის.

“ეს არ არის პოლიტიკური დევნა, ეს არის მათი მხრიდან პოლიტკური მიმალვა. ჩვენ გუშინ ჩვენი გადაწყვეტილება ავხსენით ძალიან მარტივი რამით, სახეზე არის და ამას არავინ არ უარყოფს, არც ნიკა მელია, არც ჩვენი ოპონენტები, არც ჩვენ, არც პროკურატურა, რომ ნიკა მელია არღვევდა და ახლაც არღვევს კანონს.

ის, რომ კანონი ირღვევა და ამას სჭირდება შესაბამისი რეაქცია, აქაც რაიმე კითხვის ნიშანი არ არსებობს. მათი მიზანი არის გაზაფხულზე დაიწყონ მღელვარების ორგანიზება. მართალია დღეს თოვლი მოვიდა და გაზაფხული ჯერ არ დგება, მაგრამ ვატყობთ, რომ ეს მცდელობები არის ფუჭი ორი მიზეზი გამო, პირველი ეს ყველაფერი არის კანონის საწინააღმდეგო, რასაც, რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ და მეორე, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ მოქალაქეებში,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply