საქართველოს ლამაზებო  ჩვენ ჩვენივე წარსულიდან მოვდივართ…

როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე  საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის  ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა),  მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს:

– ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) _ დიდებული ევროპაა!

– ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია!

– აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო.

* * *

ზღაპრებში რომ გსმენიათ, სწორედ ასე იყო: ამ ოთხეულის მეგობრობის ამბავი მთელმა საქართველომ იცოდა. თითქმის ერთი თაობისანი იყვნენ, ერთმანეთს ეცილებოდნენ სილამაზეში და ერთმანეთის მაინც არ შურდათ.

განსაკუთრებით საინტერესო იყო მედეა ჯაფარიძისა და დოდო ჭიჭინაძის პირველი შეხვედრა დოდოს აღმზრდელის ოჯახში, წვეულებაზე.

– მე მაშინ პატარა გოგო ვიყავი, მედეა კი უკვე თეატრის დასში ირიცხებოდა, – იგონებს ქალბატონი დოდო. – ოთახში რომ შემოვიდა, ფარდიდან თავი გამოვყავი და მისმა სილამაზემ თვალები გამიშტერა. თვალებგაფართოებული, დაჟინებულ მზერას ვერ ვაშორებდი მედეას. ეს მანაც იგრძნო, ალბათ, და შემომხედა. ჩემი თვალები რომ დაინახა, ჩვეული გულუბრყვილობით შესძახა: “ღმერთო ჩემოეს რამხელა კაკლის მურაბებია!

– რა ვიცოდი, რომ იმ დღიდან მედეა ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი გახდებოდა.

თუმცა ქალბატონი დოდოს სამეგობრო წრე უფრო დიდი იყო: დუდუხანა წეროძე, თამილა ლასხიშვილი, მზია მახვილაძე, ლეილა აბაშიძე.

_ ო, ლეილა, ლეილა!.. ის ჩინებული კინომსახიობია, ნამდვილი კინოვარსკვლავი!.. – ამბობს ქალბატონი დოდო. – მეც არაერთ ფილმში ვარ გადაღებული, მაგრამ ვთვლი, რომ ძირითადად მაინც თეატრის მსახიობი ვარ. აი, ლეილა კი… იგი 50-60-იანი წლების ქართული კინოს ნამდვილი ვარსკვლავია. “ქაჯანადან” დაწყებული მან უამრავი სახე შექმნა ეკრანზე…

– მაგრამ ამ დროს ეკრანი უკვე “დაპყრობილი” ჰქონდათ ქალბატონებს ვერიკოს და სესილიას… – ჩავერთე საუბარში.

– ეს ორი პიროვნება სულ სხვაა, ისინი მხოლოდ კინომსახიობები კი არა, საერთოდ დიდოსტატი არტისტები იყვნენ, რომლებსაც ერთნაირად შეეძლოთ ეკაშკაშათ სცენაზეც და ეკრანზეც. გარდა ამისა, მე მათ ჩემი ბედის მკვერავებად ვთვლი.

Leave a Reply