აჭარის, გურიისა და იმერეთის სოფლებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, წერტილოვანი შეზღუდვები ამოქმედდება.

გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭომ მიიღო.

ამირან გამყრელიძის თქმით, უკვე დაფიქსირდა მცირე კლასტერული ​ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა.

„ეპიდვითარების კუთხით, ბოლო ორი კვირაა, ტენდენცია გაუარესდა. ამიტომ, მოსახლეობას მაქსიმალურად მოვუწოდებთ რეკომენდაციების დაცვისკენ. ბოლო 2 დღეა, სერიოზულად ინტენსივდება აცრაზე მიმართვიანობა. გუშინწინ იყო 700-ზე მეტი, გუშინ კი 1000-ზე მეტი, მაგრამ ვიდრე ეს კუმულაციური იმუნიტეტი დაგროვდება ქვეყანაში, იქამდე ერთადერთ საშუალებად რჩება პირბადე, დისტანცია და დიდი თავშეყრებისგან თავის არიდება.

მე არავის ვაშინებ, მაგრამ დღევანდელი ეპიდსიტუაცია მაგონებს დაახლოებით იმას, რაც გვქონდა სექტემბერ-ოქტომბერში, და თუ არ დავიცავთ, რეკომენდაციებს, არაა გამორიცხული, რომ შევიდეთ მესამე ტალღაში. კორონავირუსი არ დაგვიმარცხებია, გუშინწინ და გუშინ გადავცდით 600-იან ზღვარს, რომელიც არ გვქონია თებერვლის დასაწყისის შემდეგ.

გამოჩნდა კლასტერული შემთხვევების ტენდენცია. გვაქვს მცირე კლასტერული ​ეპიდაფეთქებები „აჭარა ტექსტილში“, კასპში, ცაგერში, იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში, ამიტომ, აუცილებელია რეკომენდაციების დაცვა. ისევ მოვეშვით, რაიონებში ისევ იმართება ქორწილები, ჭირის სუფრები, რაც ერთ-ერთი მთავარი რისკ-ფაქტორია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Leave a Reply