თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, ივერთუბანში ,, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა არმიის მიერ მშვიდობიანი აქციის დარბევის შედეგად დაღუპული გმირის, თამუნა დოლიძის სახელობის ქუჩა გაიხსნა.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ქუჩის გახსნას, კომისიის თავმჯდომარე, მიხეილ ამაშუკელი, საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თამუნა დოლიძის ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ.

,, 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და ამავე დროს ერთ-ერთი ყველაზე საამაყო დღეა. ეს არის ერთიანობის, გაუტეხლობის და გამარჯვების დღე. 32 წლის წინ, ქართველმა ახალგაზრდებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ჩვენი ქვეყანა და ამ ტრაგედიიდან ორი წლის თავზე თავისუფლება მოიპოვეს. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე და თავგანწირვისთვის თითოეულ მათგანს მთელი ქვეყნის სახელით ვუხდი მადლობას”,- განაცხადა მიხეილ ამაშუკელმა.

ასევე სიტყვით გამოვიდა, პარლამენტის დეპუტატი, რიმა ბერიძეც, რომელმაც დედაქალაქის საკრებულოს მადლობა გადაუხადა მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

,,1989 წლის 9 აპრილის ღამე იყო ტრაგიკული, თუმცა, ამავდროულად ეს არის თარიღი, რამაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას. სწორედ თამუნასნაირმა გმირებმა შექმნეს ეპოქა’’,- აღნიშნა რიმა ბერაძე

Leave a Reply