უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერატიული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ იკვეთება ვითარების გაუარესების ტენდენციები.

მან მოქალაქეებს არსებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, რათა მომავალში მკაცრი შეზღუდვები იქნეს თავიდან აცილებული.

“როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში სახეზეა ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია, ეს ხდება როგორც მთელს მსოფლიოში, ასევე საქართველოში. გასული 24 საათის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 1374 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო მაჩვენებელია. ინფიცირების შემთხვევების რაოდენებით პირველ ადგილზეა თბილისი, ხოლო მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი. უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო აკვირდება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, არსებულ ტენდენციებს და შესაბამის გადაწყვეტილებას დეტალური ანალიზის საფუძველზე ახორციელებს.

საბჭო ასევე მსჯელობს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან გადმომსვლელთა მიმართ მოქმედ რეგულაციებზე და გადაწყვეტილებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად უახლოეს პერიოდში მიიღებს,

კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების ზედმიწევნით დაცვის აუცილებლობას, რათა ქვეყანაში მკაცრი შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ დადგეს.

საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სწორად გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და თავი აარიდონ ხალხმრავალი შეკრებებისა და სოციალური ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით ნებადართული არ არის. ამასთან, როგორც ცნობილია, აკრძალულია ფართის გადაცემა/დათმობა საზოგადოებაში დამკვიდრებული სოციალური ღონისძიებებისა (მაგ.: ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.) და მასობრივი გასართობი ღონისძიების გამართვის მიზნით. აღნიშნული შეზღუდვის დარღვევა კი გამოიწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.

Leave a Reply