დავით ფერაძე

პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი

-საქართველოს პედაგოგებო!

ის რაც ამ დღეებში და ამ წამებშიც ნამახვანჰესის ირგვლივ ხდება არ არის მხოლო იმ ლოკაციაზე შეკრებილების პრობლემა. ახლა, იმაზე უკეთესს ვერაფერს ვასწავლით მოსწავლეებს, ვიდრე ამ ცხელი წერტილისკენ დარაზმვაა. იმ დროს როდესაც ჩვენ ცარცით თუ მარკერით აღჭურვილი დავდივართ, როდესაც მთავარ ორიენტირად სტატუსების მოპოვება გაგვიხდია და ა. შ. იქ ძალოვნების შემოტევებს შიშველი ხელებით იგერიებენ ადამიანები, რომელთა შორის ბევრი ჩვენი ნამოწაფარიცაა. ალბათ, ზოგიერთი ჩვენგანი ეს დღეები ილიას იდეალებზე, 9 აპრილის გმირებზე, დავითის და თამარის საქართველოზე საუბრობს, მაგრამ, ღმერთო ჩემო… სად იდგებოდა დღეს ეს ხალხი? ან, რისკენ მოგვიწოდებს მათი სიტყვა და მათი საქმე? რა აზრი აქვს იდეალებს, თუ საჭირო დროს საჭირო ადგილზე არ ვიქნებით? საზოგადოებამ დაკარგა სამთავრობო თუ არასამთავრობო პოლიტიკოსთა ნდობა, ის უნდობლად უყურებს სხვა ე.წ. ცნობად ელიტასაც და ასეთ დროს სწორედ ჩვენ, პედაგოგებს შეგვიძლია ამ დიდი დაძაბულობის განმუხტვა!
ღრმად მჯერა რომ ახლა, საკლასო ოთახებში იმდენს ვერაფერს გავაკეთებთ, რაც გადაწონის “ანტიჰესური” მოძრაობის მნიშვნელობას. დღეს საკლასო ოთახიც და სამასწავლებლოც დასავლეთ საქართველოშია. ვიღაც შეიძლება დიდი იმედით უყურებდეს ჯერ არ დამდგარ ენერგეტიკულ სიკეთეს, მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ ერის ნება უფრო დიდი სიკეთეა! უფრო დიდი!
კოლეგებო, პირველ რიგში ამ მოწოდებაზე გამოხმაურებით, ხოლო შემდეგ საქმით გამოჩნდება, ვინ ვართ და როგორები ვართ, ვიმსახურებთ თუ არა პედაგოგის ესოდენ დიდ სახელს.
მოგიწოდებთ: “დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია!”

Leave a Reply