ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან მიმდინარე შეხვედრას ეხმაურება.

„სალომე ზურაბიშვილთან და ყველა ლიდერთან ერთად ვიმყოფები პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ. დღეს მძიმე სამუშაო იწყება, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე წინ წაიყვანს. ეს მიღწევა თქვენია. ახლა გამოწვევა ამის ამოქმედებაა“, – დაწერა შარლ მიშელმა Twitter-ზე.

ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

„კიდევ ერთხელ მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა და მადლობა მოგახსენოთ იმ ძალისხმევისთვის, რამაც დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა. დღეს დილიდან დოკუმენტს ახალი ხელმოწერები ემატება და ეს იმას ნიშნავს, რომ გუშინ დაწყებული დინამიკა გრძელდება და იმედია, მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს. ეს არის ყველას გამარჯვება, პირველ რიგში საქართველოს გამარჯვება. შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, ძალიან ბევრს ნიშნავს შიდა პოლიტიკური წინსვლისთვის. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა საზოგადოებისთვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო გადაღლილი, დაძაბული და შეურაცხყოფილი ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით, ვინაიდან ეს არ არის ის ღირებულებები, რაც საქართველოს უნდა ჰქონდეს. ამიტომ, დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და გრძნობს, რომ ეს არის გამარჯვების დღე. პოლიტიკურმა შეთანხმებამ უკვე გამოიღო შედეგები და ეს არის ინსტიტუტების გაძლიერება. პირველ რიგში, ეს პარლამენტის გაძლიერებაა, რამეთუ ეს უკვე არის მრავალპარტიული პარლამენტი, რომელსაც შეუძლია იყოს არა დაპირისპირების ადგილი, არამედ ორგანო, სადაც გადალახული იქნება ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები.
ის უფლებები, რომლებიც ოპოზიციას ენიჭება პარლამენტში, ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი დგას სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების დონეზე, ვინაიდან ბევრ ქვეყანაში ოპოზიციას ასეთი უფლებები არ აქვს. პარლამენტი გახდა ქმედითუნარიანი და ყველანი ველოდებით შედეგებს.

ამ შეთანხმების შედეგად გაძლიერდა პრეზიდენტის ინსტიტუტიც, რომელიც უნდა იყოს ქვეყნის შემწყნარებლობის, სტაბილურობისა და სახელმწიფოს სახე საზღვარგარეთ. ის ფაქტი, რომ ოპოზიცია შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლეში დოკუმენტის ხელმოწერისთვის, უბრუნებს პრეზიდენტს მის ნამდვილ როლს, ნდობას და პატივისცემას, რომლის გარეშეც პრეზიდენტი ვერ შეასრულებს თავის ფუნქციას. თუ საჭირო გახდება, მაგრამ იმედი მაქვს, რომ აღარ გახდება, პრეზიდენტს კვლავ შეეძლება, შეასრულოს მედიატორის როლი. მგონია, რომ ეს არის საზოგადოების სურვილიც.

პოლიტიკურ შეთანხმებაში დევს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტები. საფუძველი ედება კიდევ ორი ინსტიტუტის გაძლიერებას და მათ ევროპულ დონეზე აყვანას. სასამართლო და საარჩევნო სისტემები ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიულობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. ამდენად, მომავალში ამ რეფორმების მიღებით ჩვენ გვექნება ბევრად უფრო მაღალი დონის სასამართლო და საარჩევნო სისტემები.

არანაკლებია ამ შეთანხმების შედეგი ჩვენი საგარეო პოლიტიკის კუთხით. ეს შეთანხმება ასახავს მჭიდრო კავშირს, რომელიც არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. მსოფლიოში საქართველოს კრიზისზე უფრო დიდი მასშტაბის არაერთი კრიზისი არსებობს, მაგრამ ევროკავშირის ასეთი ჩართულობა არის უპრეცედენტო. ეს მიანიშნებს იმაზე, თუ რა სიახლოვე არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

Leave a Reply