ახლა მთავარი არის შეთანხმების სათანადოდ აღსრულება. მთავარი მიზანი, რაც აქვს დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, არის ის, რომ ქვეყანაში უნდა შემცირდეს პოლარიზაციის, რადიკალიზმის ხარისხი. ეს არის მთავარი მიზანი და მთავარი ამოცანა და ყველამ ამ სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განმარტა, რომ ბრიუსელში შეხვედრების დროს ევროპარლამენტარებს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლების სტატუსით დასწრება სთხოვა.

„რა თქმა უნდა, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მუნიციპალური არჩევნების სათანადო გარემოში ჩატარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები პოზიტიური კამპანიით ჩატარდეს და მნიშვნელოვანია, რომ პოლარიზაციის ხარისხი იყოს რაც შეიძლება დაბალი. ამას უნდა დააკვირდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. ყველა შეხვედრაზე, რომელიც იმართებოდა ევროპარლამენტარებთან, ჩვენ გვქონდა ამაზე საუბარი. ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება ფართო მისიით იყვნენ წარმოდგენილები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, რამდენადაც ეს არის შესაძლებელი, მათ შორის კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით და ძალიან დიდი სურვილი და იმედი გვაქვს, რომ ევროპარლამენტარები ფართო წარმომადგენლობით ეწვევიან თბილისს“, – განაცხადა კობახიძემ.

Leave a Reply