ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ დმანისში მომხდარი ინციდენტის შეფუთვა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, არის მიუღებელი.

„ეს არის დამაზიანებელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის ჩვენი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ჩვენი ოპონენტების მიერ. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო და ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციასა და სამართალდამცავებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინც დაარღვია და იძალადა, კანონის შესაბამისად პასუხისგებაში უნდა მიეცეს.

რაც შეეხება პოლიციის რეაგირებას, მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ ის, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა ადგილზე. დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც გააკეთა შსს-მ, როდესაც ეს აუცილებელი გახდა.

ის, რომ ადამიანებმა არ აგეს პასუხი, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისგებაში მიეცემა ის, ვინც დაარღვია კანონი. ჩვენ ვნახეთ საჯაროდ ის ჩანაწერები, სადაც ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაერთი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში, ამას სჭირდება გამოძიება. პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს ჰქონდათ მყისიერი რეაგირება. გამოძიება დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვები მიმდინარეობდა. ამ ყველაფრის გადატანა ეთნიკურ კონფლიქტში, ვფიქრობ, ცალსახად ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული.

ეთნიკური აზერბაიჯანელები საუკუნეების განმავლობაში ჩვენს საზოგადოებაში ცხოვრობენ, ისინი არიან ჩვენი მოქალაქეები და მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა, ნებისმიერ ორ მოქალაქეს შორის ძალადობა მიუღებელია”, – განაცხადა თალაკვაძემ.

Leave a Reply