სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი

გვინდა გამოვეხმაუროთ, დღეს, დმანისში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებს.

იმ პირობებში, როცა ჩვენი ქვეყანა არის მულტიეთნიკური სტატუსის მატარებელი, ხელისუფლების პირდაპირი მოვალეობაა, რომ განსაკუთრებით მსგავს სენსიტიურ რეგიონებში, მაქსიმალურად მოკლე დროში, ეფექტურად აღკვეთოს ეთნიკური შუღლის გაღვივების ყველანაირი მცდელობა, მიუხედავად მოტივაციისა.
როგორც ამ ეტაპზე ცნობილია, ეს კონფლიქტი არ არის ეთნიკური წარმომავლობის, თუმცა არსებობს საკმაოდ დიდი ეჭვი და საფუძველი იმისა, რომ ამ კონფლიქტს სხვადასხვა მტრულად განწყობილი ორგანიზაციები და სპეცსამსახურები ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოსაწყობად გამოიყენებენ.
სწორედ ამ და სხვა გარემოებების გამო, ვთვლით, რომ პოლიციის ჩარევა იყო სრულიად დაგვიანებული, არაადეკვატური და არსებულ რეალობას მოწყვეტილი. სიტუაცია არ განეიტრალდა არც ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელი პირების ადგილზე ჩასვლის შემდეგ, რაც პირდაპირ მიუთითებს პოლიციის არაორგანიზებულ და ქაოტურ რეაგირებაზე.
ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნულ არეულობაზე, დაშავებულ მოქალაქეებზე და ძალოვნებზე, პასუხისმგებელი არის ხელისუფლება და არავინ სხვა. ნებისმიერი დანაშაული განურჩევლად მისი მოტივაციისა, ეთნიკური წარმომავლობისა თუ სხვა, დაუყონებლივ უნდა იქნას გამოძიებული და დამნაშავე პირები უნდა წარსდგნენ მართლმსაჯულების წინაშე.
„სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ (CDMC) გმობს ყოველგვარ ძალადობას. შესაბამისად, დაპირისპირებულ მხარეებს შერიგებისა და სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდებს. ასევე, ვითხოვთ, რომ ხელისუფლებაში მყოფმა შესაბამისმა სამსახურებმა დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიონ აღნიშნული შემთხვევა და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით.

Leave a Reply