ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მყარი გარანტიები გვაქვს, რომ ისინი ჩვენთან მიმართებაში მუდმივად ახსენებენ რუსეთის ფედერაციას ვალდებულებების შეუსრულებლობას, – ამის შესახებ დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თბილისის მედიაცია სამხრეთ კავკასიაში მიმართულია იმისკენ, რომ საქართველოს როლი და ფუნქცია იყოს პრიორიტეტული თემა გლობალური უსაფრთხოებისა და ახალი გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე.

„ძალიან ბევრი ძალისხმევა გვჭირდება იმისთვის, რომ საქართველოს თემატიკა მუდმივად იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში და ამისთვის სხვადასხვა მეთოდსა და ტაქტიკურ გზას ვიყენებთ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი (ფაქტორი) ამ საერთაშორისო ურთიერთობებში არის ის, რომ ჩვენი მნიშვნელობა, ჩვენი ფუნქცია დავანახოთ დიდ მოთამაშეებს რეგიონში. სწორედ ამისკენ იყო მიმართული ის, რაც ბოლო 2-3 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრის მეთაურობით გააკეთა“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენიდან საქართველოს ყველა ხელისუფლება ცდილობდა რეგიონში მშვიდობისმყოფელის ფუნქცია მიეღო, მაგრამ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება ამ მცდელობების პირველი კონკრეტული შედეგია. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები მედიაციის პროცესის შესახებ ინფორმაციას უშუალოდ თბილისიდან იღებდნენ.

„ამით ჩვენი საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა საერთაშორისო არენაზე და ჩვენი როლი, ფუნქცია და მნიშვნელობა გამოიკვეთა. ამიტომ, მე მგონი უადგილოა იმაზე საუბარი, რომ საერთაშორისო დღის წესრიგსა და გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში საქართველო წარმოდგენილი არ არის და საქართველოზე არ საუბრობენ. ფაქტები აბსოლუტურად განსხვავებულ რამეზე მეტყველებს”, – აღნიშნა ზალკალიანმა.

Leave a Reply