კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე

-რამდენიმე დღის წინ უზენაესმა სასამართლომ, რომელიც ბოლო ინსტანციაა, მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, ამ გადაწყვეტილების მიხედვით, კომუნიკაციების კომისიის   ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ შემუშავებული ფორმები აბსოლუტურად შეესაბამება „მაუწყებლობის შესახებ“ კანონს.  შეგახსენებთ იმასაც, რომ უზენაეს სასამართლომდე ანალოგიური გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს. დღეს უკვე მაუწყებლები, არა მხოლოდ კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით და კანონით, არამედ სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილებით არიან ვალდებულნი, გახადონ გამჭვირვალე საკუთარი შემოსავლები.

ფინანსური გამჭვირვალობის უზრუნველყოფით მედიის შეზღუდვა, აბსოლუტურად მოკლებულია რეალობას, რაც სასამართლო გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მაუწყებლების დაუსაბუთებელი განცხადებების და  პოზიციის გამო წლების განმავლობაში არ სრულდებოდა ეს კანონი. ამის გამო ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ბევრჯერ  გახდა კრიტიკის ობიექტი. მათ შორის, ისეთი მაღალი ტრიბუნიდან როგორიც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტია, 2017, 2018, 2019 წლების ანგარიშებში,  სახელმწიფო დეპარტამენტი კანონის შეუსრულებლობის გამო მკაცრად გვაკრიტიკებდა. სწორედ ეს არის დასავლური სტანდარტი.

გაგახსენებთ იმასაც, რატომ იქნა მიღებული ფინანსური გამჭვირვალობის  შესახებ კანონი, ცვლილების მთავარი მიზანი მაყურებელის ინფორმირება იყო.  კანონმდებლებსა და ინიციატორებს ჰქონდათ ამოცანა, რომ საზოგადოება არაწინასაარჩევნო პერიოდშიც დეტალურად ყოფილიყო ინფორმირებული მედიის დაფინანსების წყაროების შესახებ. მაყურებელმა უნდა იცოდეს, რამდენად ახდენს მაუწყებლების დაფინანსების წყარო, მათ შორის კომერციული დაფინანსება სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენას.

ამჟამად კომისია აქტიურად მუშაობს ყველა მაუწყებელთან, რომ კანონი აღსრულდეს, მაუწყებლების დიდ ნაწილს დაწყებული აქვს კომისიის შემუშავებული ფორმების შევსება. იმ ნაწილს, რომელსაც ჯერ არ დაუწყია შევსება და ისევ ცდილობს არ შეასრულოს კანონი, კომისიამ გაუგზავნა წერილები და  შეახსენა კანონის მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, თუ მაუწყებლები სასამართლო გადაწყვეტილებების შემდეგაც არ შეასრულებენ საკუთარ ვალდებულებას, კომისია იმოქმედებს კანონის შესაბამისად, რაც პირველ ეტაპზე გაფრთხილებას შემდეგ კი ფინანსურ ჯარიმებს ითვალისწინებს.

წყარო 1tv.ge

Leave a Reply