სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი მხარდაჭერას უცხადებს თბილსერვის ჯგუფის გაფიცულ თანამშრომლებს და განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

-ჩვენი ორგანიზაცია სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ „თბილსერვის ჯგუფის“ თითოეულ თანამშრომელს. ეს ადამიანები დაუღალავად შრომობენ ქალაქის სისუფთავის შესანარჩუნებლად და მადლობა მათ.

ჩვენ კარგად ვიცით თუ რა რთულ პირობებში უწევთ მუშაობა და რამდენია მათი ანაზღაურება, მაშინ როდესაც „თბილსერვის ჯგუფის“ ზოგიერთი ხელმძღვანელი კორუფციასა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვაშია გარეული.

უკვე გაიჟღერა აზრმა, თითქოს და თანამშრომლების გაფიცვა მართული პროცესია და ამ ამბის უკან სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესის მქონე პირები დგანან.

გვინდა მივმართოთ თბილსერვის ჯგუფის ხელმძღვანელებს, ქალაქის მერიას და ყველა პასუხისმგებელ პირს – არ გაბედოთ და ხელი რიგით თანამშრომლებს არ შეაწმინდოთ, არავინ არ გაათავისუფლოთ სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავიანთი გულის ტკივილი გამოთქვეს; უფრო მეტიც, გაითვალისწინეთ მათი თხოვნა და გაუფრთხილდით მათ.

ჩვენ, „სამოქალაქო განვითარების და მონიტორინგის ცენტრი“ პირადად დავიცავთ და დავუდგებით გვერდით „თბილსერვის ჯგუფის“ ნებისმიერ თანამშრომელს, მათ შორის მათ ვინც პროტესტის გამოხატვის გამო დისკრიმინაციისა და არასამართლიანი მობყრობის მსხვერპლი გახდება.

ვართ საკმარისად კარგად იმფორმირებულები, თუ რა ხდება „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობაში. ვინ არიან და რატომ არიან; მათი საქმეები, რომ „თაროზეა“ შემოდებული ესეც კარგად ვიცით.

აქვე შეგახსენებთ, რომ თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე “თბილსერვისის” თანამშრომლების გაფიცვას საბოტაჟს უწოდებს და ამბობს, რომ ეს მათთვის მიუღებელია.

ხმალაძე ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა თითოეულ მოთხოვნაზე  სამსახურს წინასწარვე ჰქონდა გაცემული პასუხი, მაგრამ “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლები უკანონოდ გაიფიცნენ.

-ეს იყო საბოტაჟი და შესაბამისი ზომები მოჰყვება – აცხადებს ხმალაძე.

Leave a Reply