ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) უსინათლოთა კავშირს ის საპილოტე პროექტი გააცნო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე №4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხმის დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. შეხვედრაზე  გიორგი კალანდარიშვილმა უსინათლო ამომრჩეველს ახალი ბიულეტენი და ის ჩარჩო ფორმა წარუდგინა, რომლის საშუალებითაც 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე საკუთარი არჩევანის გაკეთებას შეძლებენ.

შეხვედრის ფარგლებში ასევე მოეწყო  იმიტირებული კენჭისყრის პროცესი. როგორც ცესკოს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დაგეგმილი სიახლე მათთვის მისაღები და ადვილად შესასრულებელი აღმოჩნდა.

„ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რომელიც 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში მცხოვრებ ამომრჩევლებს დახვდება არის ხმის დათვლის პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება. ჩვენთვის, ადმინისტრაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ამომრჩეველი, ამიტომ ჩვენ შევქმენით სპეციალური ჩარჩო/ფორმა, რომლის მეშვეობითაც უსინათლო და მცირე მხედველ ამომრჩეველს  საშუალება ექნებათ თავისუფლად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გამოხატონ საკუთარი ნება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

უსინათლოთა კავშირში გამართულ შეხვედრას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე, ცესკოს წევრი დიმიტრი ჯავახაძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ესწრებოდნენ.

Leave a Reply