დავით ღვინიანიძე

საოპერო მომღერალი, ბარიტონი. “დავით ღვინიანიძის სახელობის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრის” დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

-დღეს, როგორც მოქალაქემ, როგორც ჩემი ქვეყნის სიყვარულით მოტრფიალე ქართველმა, როგორც მუსიკოსმა და ქუთაისელმა, არ შემიძლია არ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: საქართველოს არ ჰყავს უფრო დიდი და გამოჩენილი მომღერალი, ვიდრე ბატონი პაატა ბურჭულაძეა! მან თავისი ხელოვნებით მსოფლიო საოპერო თეატრების წამყვანი სცენები დაიპყრო და ამით საქართველოს “კულტურის ელჩის” მისია პირნათლად შეასრულა, რამაც საქართველოს სახელი უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო!

ის იყო და არის სრული ეპოქა ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში! მე ვიღებ საკუთარ თავზე ვალდებულებას და ქუთაისისა და ჩემი უსაყვარლესი საოპერო თეატრის სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო ბატონ პაატა ბურჭულაძეს, დღეს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის საოცრად შემაშფოთებელი განცხადების გამო! ეს არის სრული “კატასტროფა” , როდესაც ერი პოლიტიკურ ლაგერებად ქუცმაცდება და ამ სიტუაციიდან გამომდინარე ხალხი ერთმანეთს უპირისპირდება! იქნებ მეც არ ვარ სასურველი სტუმარი თეატრში, რომელსაც თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი და მასშტაბური ფესტივალი ვაჩუქე! სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ ხალხში ზიზღის პოლიტიკა დათესა, რაც ვიმედოვნებ, რომ ახლო მომავალში დასრულდება! და ვფიქრობ, ჩემი ბავშვობის მეგობრის ასეთი უხეში პოლიტიკური განცხადება იყო მმართველი გუნდის ზეწოლის შედეგი. მე კი ბატონ პაატასთან ერთად უდიდეს მხარდაჭერას ვუცხადებ ქალბატონ ხატია დეკანოიძეს.

ვიცი, რომ გაიმარჯვებს და მეც სულ მალე მას შევთავაზებ ქალაქის მუსიკალური განვითარების ჩემს გეგმას, რომელშიც საოპერო თეატრის აღორძინებას უდიდესი ადგილი დაეთმობა! მე კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს და თავს გიხრით, ბატონო პაატა! ხელოვნება ნებისმიერ პოლიტიკაზე მაღლაა! და ჩვენ ზუსტად ის ადამიანები ვართ, რომლებმაც ერის შერიგების უმნიშვნელოვანეს პროცესში ძალიან დიდი როლი უნდა ვითამაშოთ!

Leave a Reply