გიორგი ჭილაშვილი

დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გიორგი კალანდარიშვილის ხელმძღვანელობით დიდი და გამოწვევებით სავსე პროცესი გაიარა ახალმა ადმინისტრაციამ. . ჩვენთვის, ვინც ვაფასებთ და ვწერთ ადმინისტრაციის მუშაობაზე ბოლო პერიოდის განმავლობაში, მნიშვნელოვანი გახლდათ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების შეფასებები, რადგან გვაინტერესებდა რამდენად გაართმევდა თავს ახალი ადმინისტრაცია და შეფასებებიც ალბათ ნახეთ როგორი პოზიტიური გახლდათ. თითქმის ყველა მისიამ ადმინისტრირების ნაწილს უმაღლესი შეფასება მისცა!
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი და მეორე ტური ჩატარდა ბევრი სიახლით, რაც დაინერგა ბოლო 2 თვეში და რაც უპრეცედენტო გახლავთ არჩევნების ისტორიაში, პროცესი გაჯანსაღდა მაქსიმალურად. უნდა აღინიშნოს, რომ ოპოზიციის მიერ დანიშნული წევრების არა ერთი ინიციატივა განიხილა და დაამტკიცა ცესკომ, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა! აქამდე არასდროს მომხდარა ვიდეოფიქსაცია, ასევე პირველად არჩევნების ისტორიაში გადათვლის პროცენტული მაჩვენებელი გახლდათ 22 % , გასულ ყველა წინა არჩევნებზე კი 1% გადათვლის მაჩვენებელი დიდ მიღწევად ითვლებოდა. მოკლედ, სიახლეებზე კიდევ ბევრი რამე შემიძლია დავწერო, მაგრამ შემდეგ მოგახსენებთ.
გუშინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურის შემაჯამებელ ოქმს მოაწერა ხელი, აქ უნდა ვთქვათ, რომ დასრულდა შეჯამების და არჩევნების შედეგების აღიარების პროცესი. შენიშვნები, მაგრამ მცირე და არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში საბოლოო შედეგზე გავლენას ვერ მოახდენდა, ამიტომ, სამართლიანობა მოითხოვს კიდევ ერთხელ კარგად გავეცნოთ, ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი მისიის შეფასებას და ვთქვათ, რომ არჩევნებში დამდგარი შედეგი გამორიცხავს ყოველგვარი სხვა პროტესტის განვითარებას, მხარეებმა უნდა მიიღონ, გაითავისონ და გააგრძელონ პოლიტიკური ცხოვრება, დაიწყონ მომზადება შემდგომი არჩევნებისთვის, ყოველგვარი ქუჩის პროტესტის და მშვიდობიანი რევოლუციებისგან შორს. დროა უფრო მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ყველაფერი კონსტიტუციის და არჩევნების გზით დავარეგულიროთ, რადგან ჩვენს ქვეყანაში სხვა ბევრი გამოწვევა და პრობლემა არსებობს!

Leave a Reply