პროფესორი, წიგნის ,,დელფინ ფანის ამბები”-ს ავტორი სალომე კაპანაძე იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის კომისიას საჯაროდ მიმართავს:

-დიდხანს ვიფიქრე ამომეთქვა თუ არა, მაგრამ თქვენი გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად მგრძნობელობა დაგაკლდათ, მხოლოდ პრემიას არ უკავშირდება.
იმედია, სადავოს ფორმალურად მაინც არ გახდით ამ ქვეყნის ტრაგიკულ რეალობას, რომ მისი ყოფნა-არყოფნის, ეროვნული ღირსების საკითხი გადაჯაჭვულია იმ ადგილთან, რომელიც ამ ქვეყანას გულისპირიდან ააგლიჯეს, თუმცა მასთან კავშირი ვერ გაგვაწყვეტინეს. იმიტომ მოვყევი ეს ამბები ჩვენი პატარებისთვის, მათი გენეტიკური მეხსიერებისთვის რომ მეფიქრებოდა…
და როცა სოხუმელი დელფინის ამბებს ვყვებოდი, ხელჩაკიდებული დამყავდა ისინი სოხუმისა და გაგრის სანაპიროზე, სადაც ადამიანებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მივდიოდით დიოსკურიის ნანგრევებთან, ,,ამრასთან“, პრინც ოლდენბურგის სასახლეშიც შევიხედეთ, ასე შეიქმნა თქვენგან დაწუნებული ,,დელფინ ფანის ამბები”- ზღაპრები აფხაზეთზე – ქართულ და აფხაზურ ენებზე.
თქვენც მინდოდა წამეყვანეთ, მაგრამ ვერ გამომყევით, ვერ მიმიხვდით, ალბათ არც სურვილი გამოგითქვამთ, არადა, გაძღოლა გევალებოდათ!
უფრო აქტუალურად, უფრო მნიშვნელოვნად სხვა ნარატივი მიიჩნიეთ, ვიდრე სოხუმური ამბები. იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით უკვე მეოთხედ პატივდებული, უდავოდ ნიჭიერი ავტორის ფონზე არც შეგინიშნავთ ამ წიგნის მთავარი სახელმწიფოებრივი მისია. არადა, უნდა გცოდნოდათ, ამ მოცულობისა და ფორმატის საბავშვო პროზა აფხაზეთზე პირველია, მისი ღირსება მხოლოდ მხატვრულ ფაქტურაში არ უნდა გეძებნათ. თუმცა ეს ტესტი თქვენამდე ჩავაბარე. განა აფხაზეთის მზით გამთბარი რამდენი წიგნი იყო წარდგენილი საკონკურსოდ, ასე რომ დაიბენით… ან ამ მოცემულობაში, ვინ მიგითითებდათ არჩევანის სისწორეზე, გარდა გულწრფელი დარდისა ენგურსგაღმა დარჩენილ საქართველოზე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიას საბავშვო ლიტერატურის განვითარება ევალება. საინტერესოა, უაფხაზეთოდ როგორ გესახებათ იგი? ან რა მიიჩნიეთ მიუღებლად მის მხატვრულ ღირსებებსა და ილუსტრაციებში, რომ ამ გადაწყვეტილებით თქვენი პოზიცია ასე უაპელაციოდ გაასაჯაროვეთ? ჩემთვის უნებლიედ გადაეჯაჭვა ერთმანეთს -პრემია და აფხაზეთი, თორემ პრემიის გარეშეც არაფერი დააკლდება ჩემს პასუხისმგებლობას მის მიმართ.
მაგრამ როგორ დავივიწყო გადაწყვეტილებაში არეკლილი თქვენი პოზიცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის ტერიტორიული და სულიერი გამთლიანების სტრატეგიასთან, კულტურის ენაზე წარმოებულ დიალოგთან. ენგურსგაღმა აფხაზები უკვე კითხულობენ დელფინ ფანის თავგადასავალს, თქვენ კი აქ ვერ წაიკითხეთ, ვერ მიუხვდით…
არადა, ბევრი ხვდება, ბევრს ჩემთან ერთად ეფიქრება. მადლობა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. მარტო ამ ბრძოლაში არასოდეს დავუტოვებივარ…
მართალია, ჯერაც შორია აფხაზეთამდე და ეს გოლოგოთის გზაა, მაგრამ განა თქვენც არ გევალებათ, ქართულ სახელმწიფოსთან ერთად გავათავისუფლოთ ეს გზა გაუცხოებისგან?
მომავალში ძალიან გამიჭირდება თქვენი ფორმალური მსჯელობების მოსმენა ქვეყნის ტერიტორიულ გამთლიანებასა და დაბრუნების საკრალურ იდეაზე. ვერც თქვენს თანაგრძნობას მივიღებ ჩემი წარსულიდან გამოძევების გამო, უაფხაზეთოდ დარჩენილ სამშობლოს უთანაგრძნეთ, ბატონებო!

Leave a Reply