თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7-7 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა. მოსამართლე გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს შეფარდებული მუხლი გადაუკვალიფიცირდათ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (თაღლითობა). ამასთანავე, მათ განესაზღვრათ გირაო და აეკრძალათ საქართველოს საზღვრის გადაკვეთა.

„მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ გამოყენებული იყოს გირაო და დამატებითი ვალდებულება, საზღვრის დატოვების აკრძალვა გაუქმდეს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 აგვისტოს განჩინებით მამუკა ხაზარაძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა უძრავ ქონებაზე.

ბადრი ჯაფარიძე ცნობილი იყოს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე მეხუთე ნაწილი „გ“ ქვეპუნქტით თანახმად, ბადრი ჯაფარიძე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

ავთანდილ წერეთლის ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გე“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტზე. ავთანდილ წერეთელი ცნობილი იყოს დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 25-180 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ავთანდილ წერეთელი სისხლის სამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის გამო გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან“, – განაცხადა მოსამართლემ.

პროკურატურა ამბობდა, რომ „თიბისი“ ბანკიდან აღებული სესხი ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა მეორე დღეს იმავე ბანკის დამფუძნებლებს – ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ასესხეს და მოგვიანებით, ბანკმა კომპანიებს ვალი ისე ჩამოაწერა, რომ თანხა არ დაბრუნებულა. საქმე 16 664 000 დოლარს ეხება.

გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდებოდა დაცვის მხარე, რომლის თქმითაც, ამ საქმეს ჰყავს დაზარალებული და ის „თიბისი“ ბანკია.

Leave a Reply