საქართველოს დიპლომატთა კლუბის მიმართვა!
ჩვენ ვართ ადამიანები, ვისთვისაც საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოება, ჩვენი ქვეყნების დემოკრატიული განვითარება და მათ შორის მეგობრობა არა აბსტრაქცია, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის საგანი და ნამდვილი ღირებულებაა.
დღეს უკრაინა გვევლინება როგორც ევრაზიის კონტინენტზე ბოროტების წინააღმდეგ, დემოკრატიისთვის და პროგრესული განვითარებისთვის ბრძოლის ნამდვილი ფლაგმანი და ფრონტის წინა ხაზი.
გვსურს, ჩვენმა კოლეგებმა უკრაინაში და მთელმა უკრაინელმა ხალხმა იცოდეს, რომ ქართველი დიპლომატები და საქართველოს საზოგადოება ამ მძიმე გამოცდის ჟამს დგანან უკრაინელი ხალხის გვერდში და უცხადებენ მას სრულ სოლიდარობას და ძმურ მხარდაჭერას.
ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი მოძმე უკრაინა წარმატებით დაძლევს ამ რთულ პერიოდს, მეგობრების დახმარებით საიმედოდ დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მომავალ, უკეთეს ევროპაში და შეიტანს თავის უმნიშვნელოვანეს წვლილს ასეთი ევროპის აღმშენებლობაში.
გვჯერა, რომ საქართველო ახლო მომავალში შეძლებს ღირსეული პარტნიორობა გაუწიოს მოძმე უკრაინას ამ დიდ საქმეში.
გაუმარჯოს უკრაინას და მის ღირსეულ ხალხს! გაუმარჯოს უკრაინისა და საქართველოს მეგობრობასა და ძმობას!

Leave a Reply