„ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა 2020 წლიდან მიმდინარეობდა და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის. დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება, – ამის შესახებ „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ გახსნის ცერემონიაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს აქ, საქართველოს შავი ზღვის კარიბჭეში, ყოფნა. ვულოცავ კომპანია „პეისს“, მის თითოეულ თანამშრომელს ასეთი მასშტაბური პროექტის წარმატებით განხორციელებას. მოგეხსენებათ, რომ 2020 წლიდან მიმდინარეობდა „ფოთის ახალი ნავსადგურის“ მასშტაბური მშენებლობა, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტია რეგიონისთვის.

დღეის მდგომარეობით, განხორციელებული ჯამური ინვესტიცია შეადგენს 93 მილიონ დოლარს, რომელიც ორივე ფაზის დასრულების შემდეგ 120 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ჩართულობა ამ პროექტში. აშშ-ის ფედერალური მთავრობის საერთაშორისო ფინანსური განვითარების კორპორაციიდან გამოყოფილი იყო დაფინანსება 50 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველო უცხოური ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და რეგიონში უდიდესი სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის მქონე ქვეყანაა. განსაკუთრებით ვუხდი მადლობას ბატონ სოსო დოლიძეს, რომელმაც თავის გუნდთან ერთად ეს არაჩვეულებრივი პროექტი განახორციელა ჩვენი ქვეყნისთვის. კომპანია „პეისი“ უკვე 30 წელია, წარმატებით საქმიანობს. დღეს ამ კომპანიის იუბილეა და ვულოცავ თითოეულ თანამშრომელს. კომპანიაში დასაქმებულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო კომპანიის ოპერირებაში მყოფი არსებული ნავმისადგომების ყოველწლიური საშუალო ტვირთბრუნვა 3 მლნ ტონას შეადგენს. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ამ პროექტის განხორციელების პროცესში კომპანიამ გამოიჩინა ძალიან დიდი სოციალური პასუხისმგებლობა. მშენებლობის პროცესში შეიქმნა ასობით ახალი სამუშაო ადგილი, რაც პანდემიის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ რეგიონის მოსახლეობისთვის. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის მთავარი მიზანი და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის ფორმირება და ჩვენი მდებარეობის, ჩვენი პოტენციალის სრული რეალიზაცია. ამიტომ ჩვენ ამ პროექტის დაწყების პირველი დღიდან სრულ მხარდაჭერას ვუცხადებდით. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს“, – აცხადებს მთავრობის მეთაური.

Leave a Reply