ძალიან შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინაში მიმდინარე ომს. კიდევ ერთხელ მინდა ჩვენი გულისტკივილი გამოვხატო, რაც ხდება უკრაინაში არის აბსოლუტურად მიუღებელი. უკრაინაში შეჭრა და სამხედრო მოქმედებების წარმოება რა თქმა უნდა მიუღებელია და იგი ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის წესებს და პრინციპებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რაც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის მხარდასაჭერად გადადგა.

„ჩვენ ამის თაობაზე გვქონდა უკრაინელ კოლეგებთან კომუნიკაცია და გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. გარდა ამისა, ჩემი გადაწყვეტილებით, ამ დილით 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი ჩავიდა პოლონეთში, რომელიც მიეწოდა უკრაინელ მხარეს. ასევე უკრაინელ მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან თბილისში და ვერ დაბრუნდნენ სამშობლოში, ყველა სერვისი და მომსახურება მიეწოდებათ უფასოდ. ჩვენ ყველა დონეზე, ყველა საერთაშორისო ფორმატში მტკიცე მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატეთ უკრაინის მიმართ. ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში. საქართველო მიუერთდა ევროკავშირის დოკუმენტს. ამით კიდევ ერთხელ ხაზგასმით, მკაფიოდ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ასევე, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებას რუსეთის უფლების შეჩერების შესახებ და მინისტრმა ზალკალიანმა ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს პოზიციის შესახებ. ასევე, გაეროს საბჭოს რეზოლუციას საქართველომ 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად თანასპონსორობა გაუწია“, – განაცხადა პრემიერმა.

Leave a Reply