რუსული აგრესია დასავლეთის თავი ტკივილი და მთავარი საფიქრალია – უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დღის წესრიგის სათავეშია, რომელიც კრემლმა თავდაყირა დააყენა.

ამ წუთებში ნატო საგანგებო მინისტერიალს მართავს, სხდომას ესწრებიან ფინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებიც, ბრიუსელშია შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი განვითარებულ მოვლენებს ძალიან საშიშს უწოდებს:

“მსოფლიომ უკრაინის მიმართ სოლიდარობა უნდა გამოიჩინოს. ახლა მთავარია პოლიტიკური ერთიანობა. ჩვენ დავგმეთ რუსეთის თავდასხმები, გავაძლიერეთ მასზე ზეწოლა და ვფიქრობ ამისთვის უნდა დავაწესოთ მეტი სანქცია. თქვენ იცით, რომ უკრაინა დიდი სახელმწიფოა და ყავს ბევრი მეზობელი. ამიტომ იმას, რაც უკრაინაში ხდება, ეფექტი მის მეზობლებზეც ექნება. უამრავი ლტოლვილი გადადის უკრაინის მეზობელ სახელმწიფოებში და ჩვენ დახმარება უნდა გავუწიოთ. მნიშვნელოვანია ის თუ რა ხდება ახლა უკრაინის დიდ ქალაქებში რომელებიც რუსეთის მხრიდან ინტენსიური თავდასხმების ქვეშ არის.

ძალიან შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთმა ხელში ჩაიგდო ატომური ელექტროსადგური. შეშფოთებულები ვართ, რომ არ გაიზარდოს იქ რადიოაქტიურობა. ეს ძალიან საშიში საკითხია. იმედი მაქვს, რომ რუსული ჯარი ტერიტორიას მალე დატოვებს.

რაც შეეხება რუსეთის განცხადებებს ფინეთისადმი. ფინეთი თავად განსაზღვრავს თავის უსაფრთხოებას. ჩვენ მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია და პარტნიორობა ნატოსთან. ევროპული უსაფრთხოებით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს თავისი მომავალი. სუვერენული სახელმწიფოს ასე არ უნდა დაესხნენ. მოხარული ვარ რომ ბელარუსში მიმდინარეობს მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ კორიდორსა და ცეცხლის შეწყვეტის საკითხებზე,” – აცხადებს ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკკა ჰაავისტო.

Leave a Reply