სიმბოლურია, რომ ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებას, ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადსაც ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინაც და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით არის ლიდერი.

„როგორც იცით, „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი, რომ ასეთი გეგმა და პრეტენზია ჰქონდა „ქართულ ოცნებას“. დღეს ვხედავთ, რომ არის მცდელობა ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

სიმბოლურია, რომ ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებას, ამ განაცხადს ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინაც და ახლაც, როგორც პრემიერ-მინისტრმა. უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანეს განაცხადი. ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ საქართველოს ასოცირების დღის წესრიგისა და შეთანხმების შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი ამ სამეულში და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით. საერთო ჯამში, ჩვენთვის მაინც მთავარია, რომ ჩვენ მივყვეთ ასოცირების შეთანხმებას. მთავარი შედეგი ჩვენი მოსახლეობისთვის არის არა იმდენად ფორმალური ნაწილი სტატუსისა, არამედ შინაარსობრივი ნაწილი ევროპულობისა და სწორედ ამას მისდევს „ქართული ოცნების“ გუნდი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Leave a Reply