თბილისის 10 ქუჩას 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპული გმირების სახელები დაერქმევა. საუბარია დედაქალაქის რამდენიმე რაიონზე – კერძოდ, დიდუბის, ჩუღურეთისა და სამგორის რაიონების ქუჩებზე.

საკითხი თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე უკვე განიხილეს, რომელსაც გარდაცვლილების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ამის შემდეგ, უნდა ჩაინიშნოს საკრებულოს სხდომა, სადაც საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. შემდეგ, ის გადაეგზავნება თბილისის მერიას, რომელიც ვალდებულია ეს მოთხოვნა უზრუნველყოს.

“თბილისში 10 ქუჩას დაერქვა 10 გარდაცვლილი, 9 აპრილს დაღუპული გმირის სახელი. ეს არის ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი. ჩვენ ვფიქრობთ და ჩვენ აუცილებლად ვალდებულები ვართ, რომ ამ ადამიანების სახელი შემოვუნახოთ მომავალ თაობებს. ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას, დამოუკიდებლობას,”-აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

Leave a Reply