მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია ახალმა რუბრიკაში „თავისუფალი სიტყვა“ ყველას მისცა საშუალება თამამად დაეფიქსირებინათ თავიანთი აზრი და საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი პრობლემა, არაერთი მუქარის შემცველი ზარი თუ წერილი მივიღეთ, მაგრამ ჩვენ ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას!!! და გვჯერა, რომ აღარ არის მუქი ფერების შეფერადების დრო და სათქმელი ხმამაღლა უნდა ითქვას, გვჯერა, რომ თუ პრობლემას დავემალებით, უბედურების აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს და მერე გვიან იქნება!

ტელეკომპანია ახალი აგრძელებს რუბრიკას და მათაც კი გავუხსენით ეთერი, რომლებიც არაერთხელ დაგვმუქრებიან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების თუ სექსუალური ორიენტაციის ადამიანების ინტერვიუების გაშუქების შემდეგ. ჩვენ არ გვეშინია და მზად ვართ კიდევ არაერთი ადამიანის თავისუფალი სათქმელი გამოვიტანოთ სააშკარაოზე.

დღეს ჩვენი რესპოდენტი მარნეულიდან გაქცეული ახალგაზრდა ქალია. აგრესია, ძალადობა, იძულებითი ქორწინება, განსხვავებული ორიენტაციისა და შეხედულებების გამო ცხოვრების ჯოჯოხეთად ქცევა და გაქცევა საკუთარი ქვეყნიდან და ოჯახიდან… თითქოს ეს ყველაფერი წარსულში დარჩა, მაგრამ დღესაც ხშირად გვხვდებიან მსგავსი ისტორიების მქონე ადამიანები და განსაკუთრებით კი ქალები, ქალები, რომლებიც არ ეპუებიან არსებულ მდგომარეობას, არ ჩუმდებიან და იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის.

ჩვენი რესპოდენტი ახალგაზრდა ქალია, რომელმაც მოახერხა და დიდი წვალების შემდეგ დატოვა ქვეყანა, დატოვა ოჯახი და ახლა საქართველოს საზღვრებიდან შორს, სურს მისი ისტორია ყველას უამბოს, რათა სხვებმაც ამოიღონ ხმა და არ გაჩუმდნენ, რადგან სჯერა, რომ ძალადობასა და აგრესიას მხოლოდ თავისუფალი სიტყვით დაამარცხებენ.

-მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მსგავსად არიან აგრესიის მსხვერპლნი. არ გაჩუმდეთ! არ შეეგუოთ ძალადობას! ამოიღეთ ხმა და იცხოვრეთ ისე, როგორ სხვა დანარჩენი ადამიანები! – ამბობს ქალი.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე საზღვარგარეთ არის და ასე თუ ისე დაცულად გრძნობს თავს, ეშინია ნათესავებმა არ მიაგნონ და გვთხოვა მისი ვინაობა კონფედენციალურად დარჩეს, რადგან როგორც გვითხრა, თუ მიაგნეს, მის სიცოცხლეს საფრთხე კიდევ დაემუქრება , არადა მას სურს გადარჩეს, გააგრძელოს სიცოცხლე და იყოს ბედნიერი.

-გთხოვთ დარჩეს ჩემი ვინაობა და საუბარი კონფედენციალურად, რათა გადავრჩე. მჯერა, რომ მხოლოდ ასე გადავრჩები და ვიქნები ბედნიერი ჩემს ოჯახთან ერთად.

იზრდებოდა საკმაოდ სპეციფიკურ რაიონში-მარნეულში, იზრდებოდა როგორ ყველა მისი თანატოლი გოგონა…ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მიხვდა, რომ არ ჰგავდა სხვებს და განსხვავეული ორიენტაციის მქონე იყო.

-დავიბადე და გავიზარდე მარნეულში, იცით, რომ ეს ადგილი გახლავთ სპეციფიური გამომდინარე იქიდან, რომ მოსახლეობის უმეტესობა არის ეთნიკურად აზერბაიჯანელი, აქ ბრძოლა გიწევს გადარჩენისთვის! აქ არ გაქვს არანაირი შესაძლებლობა იმისთვის, რომ მიიღო შესაბამისი განათლება, დაიწყო სამსახური და საერთოდ, თავი იგრძნო სრულფასოვან ადამიანად-მხოლოდ იმიტომ, რომ ხარ ქალი! ვიზრდებოდი როგორც ყველა ჩემი თანატოლი, დავდიოდი სკოლაში, ყველაფერი 12 წლიდან დაიწყო, როცა ჩემს გვერდით მჯდომი ელის მიმართ გამიჩნდა გრძნობები, ვცდილობდი მისთვის პატარა საჩუქრები გამეკეთებინა და უბრალოდ გამელამაზებინა უფერული დღეები. ეს ყველაფერი მასწავლებელს არ დარჩა შეუმჩნეველი, დაიბარა ჩემი მშობლები და უთხრა, რომ მე ვიყავი სამკურნალო და ექიმთან წასაყვანი. მშობლებმა ჩამომართვეს მობილური, დაიწყეს ჩემი სახლში გამოკეტვა, ფსიქოლოგიური ზეწოლა და გადავწყვიტე, დედისთვის გამემხილა ჩემი გრძნობები-ვუთხარი, რომ რასაც ვგრძნობდი ბიჭების მიმართ, იმასვე ვგრძნობდი გოგონების მიმართ. ვფიქრობდი, რომ დედა აუცილებლად გამიგებდა, მაგრამ ასე არ მოხდა, დედამ მამას უთხრა და ერთიანი ძალებით გადაწყვიტეს, როგორც თავად ამბობდნენ „ჩემი გადაგვარების გამოსწორება“.

ყველანაირად ცდილობდნენ ჩემი მშობლები, რომ სხვას არავის შეემჩნია ჩემი- მათი სიტყვით რომ ვთქვა „ავადმყოფობა“ . ჩემი ცხოვრება ჯოჯოხეთად იქცა, ჩემთვის აღარაფერი არ არსებობდა, ვიყავი სახლში გამოკეტილი და იზოლირებული. ვიყავი ყოველდღიურად ძალადობის მსხვერპლი, არც ერთ თემაზე არ მქონდა უფლება ჩემი აზრი გამომეხატა და ვცადე თვითმკვლელობა, მაგრამ გადავრჩი. ამის მერე უფრო მეტი ზეწოლა დაიწყო, მამა ფიზიკურად ძალადობდა, დედა – ფსიქოლოგიურად, არც ნათესავები აკლებდნენ და მეზიზღებოდა ყველა გათენებული დღე. იყო დღეები, როცა სახლიდან გავრბოდი, მაგრამ არ ვიცოდი სად. მამას დიდი გავლენა ჰქონდა მარნეულში და კარს ვერავინ გამიღებდა, მიპოვნიდნენ და მერე უფრო დიდი საშინელება იწყებოდა. ბოლოს მამამ გადაწყვიტა ჩემი ნების საწინააღმდეგოდ გავეთხოვებინე უცხო მამაკაცზე, რომელიც იყო ნახევრად ქართველი და ნახევრად აზერბაიჯანელი.

გამათხოვეს, ქმართან ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ მქონდა ურთიერთობა. ეს იყო საშინელება. გადავწყვიტე მაინც მასთან დავრჩენილიყავი, მეგონა ასე მამის რისხვას ავცდებოდი, მაგრამ შევცდი-იქაც მოდიოდა, ცალკე ოთახში გამიყვანდა და მცემდა-თუნდაც არაფერი დამეშავებინა-როგორც ამბობდა, მცემდა იმიტომ, რომ კიდევ „რამე არ მიმექარა“. ასე გადიოდა დღეები, არც ჩემს ქმარს უნდოდა ჩემთან ურთიერთობა, მერე ჩავაბარე უმაღლესში, აქ გავიცანი ერთი ბიჭი, მივენდე და ყველაფერი მოვუყევი, მან დახმარება შემომთავაზა. ამ დროს უკვე ფეხმძიმედ ვიყავი, არავისთვის არაფერი მითქვამს და ჩუმად გავიპარე ამ ბიჭთან. სულ რამდენიმე დღე ვისუნთქე თავისუფლად, მამამ და ნათესავებმა მაინც მიპოვეს, ისე მცემეს, რომ რამის ადგილზე მომკლეს, ის ბიჭიც სასიკვდილოდ ცემეს. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე და ჩვენც გამოვიცვალეთ ადგილსამყოფელი, სადაც წავედით ყველგან გვიპოვეს, ჩემი მეორე ქმარი, მე მას ასე მივიჩნევდი უკვე, კინაღამ მოკლეს, ჩემს თავს აღარ ვჩიოდი, მერე მეგობრების დახმარებით დავტოვეთ ქვეყანა. ჩვენ კი წამოვედით, მაგრამ ახლა ჩვენი მეგობრები არიან აწიოკებულნი, მამაჩემი და ნათესავები ცდილობენ ჩვენი ადგილსამყოფელი გაიგონ, ახლა უკვე შვილი გვყავს, სიკვდილი არ მინდა, მინდა მშვიდად ვიცხოვრო ჩემს ოჯახთან ერთად.

სამწუხაროა, რომ ჯერ კიდევ გვიწევს ასეთი ისტორიების მოსმენა. დასაგმობია ყოველგვარი ძალადობა, ყველა ადამიანს აქვს ამ ქვეყანაზე ცხოვრების უფლება და მითუმეტეს სიცოცხლის უფლება, ჩვენი რესპოდენტი კი სამშობლოში ვერ დაბრუნდება, რადგან დაბრუნება მისთვის სიკვდილის ტოლფასია!

Leave a Reply