კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის შემცველი სიუჟეტის განთავსების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა, ვინაიდან კომისიის მიზანი არა მაუწყებლების სანქცირება, არამედ უხამსობის შემცველი გადაცემებისგან მაყურებლების დაცვაა, სწორედ ამიტომ კომისიამ გამოიყენა თავისი კანონიერი უფლება და „მთავარ არხს“ სანქცია არ დააკისრა.
▪ კომისია მოუწოდებს „მთავარ არხს“ და ყველა მაუწყებელს დაიცვან კანონი, გაითვალისწინონ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და არ განათავსონ ეთერში უხამსობა.
„მთავარი არხის“ საკითხი საჯარო სხდომაზე კომუნიკაციების კომისიამ 21 იანვარს განიხილა, მაუწყებლის წარმომადგენლის არგუმენტები მოისმინა და გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე მიიღო. საქმე ეხება 2020 წლის 12 დეკემბერს „მთავარი არხის“ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემაში „მთავარი შაბათს“ 21:57 საათზე გასულ სიუჟეტს, რომელიც არაეთიკური კონოტაციით წარმოჩენილ გრაფიკულ გამოსახულებასა და უხამს გამონათქვამებს შეიცავს. კომუნიკაციების კომისიამ საკითხზე მსჯელობისა და გადაწყვეტილების მიღებისას რამდენიმე მნიშვნელოვან სამართლებრივ საფუძველზე გაამახვილა ყურადღება.

Leave a Reply