ჩვენ გვსურს ევროკავშირისგან მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა – ის, რაც უკრაინაში ხდება, არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროკავშირისგან სწრაფი მოქმედების ხილვა სურს.

„ახლა საკითხი ასე დგას: გავზრდით ჩვენ ამ მოლოდინებს და ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს ამ, ასე ვთქვათ, სიმბოლურ, პოლიტიკურ დეკლარაციას. აღიარებას, რომ საქართველო არის ამ ევროპული ოჯახის ნაწილი, თუ უნდა ავუხსნათ მათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო, შესაძლოა, ეს მოგვიანებით განვიხილოთ და ა.შ. ჩვენ გვსურს მოქმედების ხილვა დღესვე, ახლავე, რადგან დღეს განსხვავებული მსოფლიოა. ის, რაც უკრაინაში ხდება, ეს არ არის გამოწვევა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, ეს არის გამოწვევა მთელი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურისთვის. მინდა გაგახსენოთ ომი, რომელიც 2008 წელს გვქონდა. ამასთან, მწუხარებით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ გვინახავს ისეთი ერთიანობა, როგორიც დღეს არის. ჩვენ მივესალმებით ამ ერთიანობას, ეს არაჩვეულებრივია. ეს არის მთელი მსოფლიოს, ცივილური მსოფლიოს ძალიან ძლიერი რეაქცია. ჩვენ, ქართველებმა ძალიან მაღალი ფასი გადავიხადეთ იმის შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა დავიბრუნეთ. ჩვენ 90-იან წლებში ორი ომი გვქონდა და 2008 წელს ფართომასშტაბიანი ომი რუსეთთან და ამ ომების შედეგი არის ჩვენი ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული ტერიტორიების დროებით ოკუპაცია. გვესმის ის შეშფოთება, რაც ევროკავშირში არსებობს, მათ არ სურთ ამ პრობლემების ევროპულ ოჯახში „იმპორტირება“, მაგრამ ასევე გვესმის, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს წევრობას. მანამდე ჯერ კიდევ გრძელი პროცესია. ჩვენ ეს გვესმის და ჩვენ გვაქვს ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც არის „ასოცირების შეთანხმება“. მაგრამ ჩვენ გვსურს სიცხადე და ჩვენ გვჭირდება ადეკვატური და შესაბამისი რეაგირება ევროკავშირისგან,“

Leave a Reply