ოკუპირებულ აფხაზეთში მძიმე სოციალური და ეკონომიკური ვითარებაა

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია 

ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ ვითარებაზე საუბრობს.   მისი თქმით, აფხაზეთში ენერგეტიკული კრიზისია.  
გამახარია  აფხაზეთში  გაჩენილი   ხანძრების მძიმე შედეგებზეც საუბრობს.  
გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელიც ატო-ს გენერალურ მდივნის,  იენს სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა. 

kvira.ge

“ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების განცხადების ტექსტი რუსეთშია დაწერილი იმისათვის, რომ აფხაზებს აგრძნობინონ და უთხრან, თქვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ხართ და ნატო-ს უნდა გასცეთ პასუხიო”, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია აცხადებს.

მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას გამახარია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყების იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადების საპასუხოდ გავრცელდა.

„სტოლტენბერგმა ნატო-ს სახელით გააკეთა ცალსახა, ძალიან მკვეთრი და მკაცრი განცხადება, რომ მხარს უჭერენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ გაწევრიანებას ნატო-ში და რუსეთს არავითარი უფლება არ აქვს, ამაზე გავლენა მოახდინოს.
ამის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა. ეს არის რუსეთში დაწერილი განცხადების ტექსტი იმისათვის, რომ აფხაზებს აგრძნობინონ და უთხრან, თქვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ხართ და ნატო-ს უნდა გასცეთ პასუხიო. სასაცილოა, როცა კითხულობ ამ დოკუმენტს. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს – აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აკრიტიკებს ნატო-ს, ვითომ მის ორმაგ სტანდარტებს. ეს არავითარი სერიოზული დოკუმენტი არაა“, – განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყებამ იენს სტოლტენბერგს უპასუხა.

„იენს სტოლტენბერგის თქმით, ისეთი ქვეყნების სუვერენიტეტი, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა, ნატო-სთვის წმინდაა და, ალიანსის ხელმძღვანლის სიტყვებით, მზადაა, დაიცვას ეს ქვეყნები ნებისმიერი, თუნდაც წარმოსახვითი ხელყოფისაგან. ნატო-ს ლიდერი საქართველოსა და უკრაინის უფლების, თავად გადაწყვიტონ თავიანთი მომავალი, ეჭვქვეშ დაყენებას ფიქრებშიც კი არ უშვებს. ამავე დროს, სტოლტენბერგის ლოგიკით, არსებობენ სხვა სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ და რომლებსაც, მისი აზრით, არ აქვთ უფლება, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თავიანთი ბედი. ეჭვგარეშეა, რომ ნატო-ს ხელმძღვანლობა აფხაზეთის რესპუბლიკას ამ უკანასკნელ კატეგორიას აკუთვნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ ფეთქებადსაშიშია“.

„საჭირო არ არის იმის აღნიშვნა, თუ როგორი ფეთქებადსაშიშია ნატო-ს ასეთი სტრატეგია სამხრეთ კავკასიის მიმართ. დღეს ეს სტრატეგია დასავლური ალიანსის მიერ საქართველოსთან ერთად გამართულ რეგულარულ წვრთნებსა და თბილისის სამხედრო პოტენციალის გაძლიერებაში გამოიხატება. 2008 წლის მოვლენები ბრწყინვალე შეხსენებას უნდა წარმოადგენდეს ბრიუსელისა და ვაშინგტონისთვის იმის შესახებ, თუ რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთან ფლირტსა და დასავლეთის სამხედრო ბლოკში მის შეთრევას”, – ნათქვამია ე.წ. საგარეო უწყების განცხადებაში.
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს.
„საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია. ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. რუსეთის გადასაწყვეტი არ არის ის, თუ როგორ უნდა მოიქცეს საქართველო. ეს საქართველოსა და ნატო-ს კავშირია. რაც მათ გააკეთეს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ეს არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

თამუნა შეყილაძე

 

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

*